ამირან გამყრელიძე: პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას

ამირან გამყრელიძე: პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას

პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, რადგან სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო. სერიოზული ზრდა გვაქვს ქეყანაში. ამის შესაჩერებლად არსებობს რამდენიმე მიდგომა. ერთ-ერთია ის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა. დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელსაც გვეუბნებიან, ისე არაფერი გამოვა. პარალელურად შემთხვევები ადრეულად უნდა გამოვლინდეს, პირველად ჯანდაცვასა და ჰოსპიტალურ სექტორში მათი მართვა. ამ ყოველივეს ერთობლიობა, თუ ამას კარგად შევასრულებთ, 3-4 კვირის განმავლობაში მოგვცემს შედეგს და ახალი შემთხვევები თანდათან შემცირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.