ლაშა ნაცვლიშვილი: „დამკვეთი ნერვიულობს - ფინთი გოიმივით მწეწავენო და მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს, - გაემტყუნება?!“

ლაშა ნაცვლიშვილი: „დამკვეთი ნერვიულობს - ფინთი გოიმივით მწეწავენო და მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს, - გაემტყუნება?!“

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ხალხი (დამკვეთი) ოთხ წელიწადში ერთხელ აცხადებს კონკურსს სპეციფიური მომსახურების შესყიდვაზე. ამ მომსახურებას (სერვისს) - საქართველოს პარლამენტში განსახორციელებული კანონშემოქმედებითი, ანუ პოლიტიკური საქმიანობა ჰქვია. კონკურსში ლიცენზირებული კომპანიები (პარტიები)  მონაწილეობენ. საკუთრივ კონკურსს კი - არჩევნები ეწოდება. საქართველოს ხალხს, ანუ დამკვეთს, ამ ტიპის პოლიტიკური მომსახურების (სერვისის) შესყიდვისთვის მობილიზებული აქვს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს (პარტიებს) უნდა გადაუხადოს გაწეული მომსახურებისთვის. წელს კონკურსში 9 კომპანიამ გაიმარჯვა. ოღონდ, მივიღეთ უკიდურესად სპეციფიური ვითარება, მარტო საქართველოში რომ მოხდებოდა, ისეთი. კერძოდ: ერთი კომპანია კონკურსის შედეგებით კმაყოფილია, მზად არის მომსახურების გასაწევად და დამკვეთისგან ითხოვს შესაბამის ანაზღაურებას, რაც სრულიად ნორმალურია. ხუთი კომპანია კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა, ახალი კონკურსის ჩატარებას ითხოვს, შესაბამისად, უარს აცხადებს კონკურსით მისთვის დადგენილი წილი მომსახურების გაწევაზე და არც ანაზღაურებას თხოვს დაკვეთს იმ მომსახურებისთვის, რომლის გაწევასაც არ აპირებს, რაც ასევე ნორმალურია. მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებიც კონკურსის შედეგებითაც უკმაყოფილონი არიან, ახალი კონკურსის ჩატარებასაც ითხოვენ, კონკურსით მათთვის დადგენილი წილი მომსახურების გაწევაზეც უარს აცხადებენ, მაგრამ დამკვეთს აწვებიან, არგაწეული მომსახურებისთვის მაინც უნდა გადაგვიხადო ფული, კონკურში ხომ გავიმარჯვეთო. დამკვეთი ნერვიულობს - ფინთი გოიმივით მწეწავენო და მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს, - გაემტყუნება?!

პ.ს. თქვენ როგორ მოიქცეოდით, ვოლტს ან გლოვოს სადილი რომ შეუკვეთოთ, კურიერი ხელცარიელი მოვიდეს, მშიერი დაგტოვოთ და თან კატეგორიულად მოგთხოვოთ, არმოტანილი სადილის ფული გადამიხადეო?“