როგორ აღმოჩნდა მამუკა დოლიძის მოთხრობა “მდგმურები” წინასწარმეტყველური

როგორ აღმოჩნდა მამუკა დოლიძის მოთხრობა “მდგმურები” წინასწარმეტყველური

[მამუკა ნაცვალაძე]         

 

მამუკა დოლიძის მოთხრობა “მდგმურები”, რომელიც 1982 წელს შეიქმნა, იმთავითვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნაწარმოებში სხვადასხვა ასპექტია წარმოჩენილი - ისტორიული, პოლიტიკური და ინტელექტუალური. ძალადობა ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობაზე, ადამიანის ინტელექტზე, როგორც პრობლემა, ერთნაირად ახლობელი აღმოჩნდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ გერმანიისა და თვით მოსკოვისთვისაც კი...

 

მართალია მოთხრობას თავდაპირველად ტაბუ დაადეს და არ დაბეჭდეს, მაგრამ, შემდეგ ვითარება შეიცვალა. ამ პრობლემებმა თავი ცხოვრებაში იჩინა და ნაწარმოებსაც გაეხსნა გზა როგორც ჟურნალის ფურცლებზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის თეატრის სცენაზე. შეიქმნა მხატვრული ფილმიც.

 

თხზულებში საკმაოდ მძაფრი სურათებია წარმოდგენილი. შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ფინალში ვხვდებით, მრავალმხრივი გლობალური პოზიციის დამტევია. საგულისხმო იყო ის, რომ ეს ყველაფერი იწერებოდა ისეთი სტაბილური ვითარებისას, რომლის გადმოსახედიდან შორეულ პერსპექტივად ჩანდა თუნდაც ის, რომ უძლეველ საბჭოთა კავშირს რამოდენიმე წელში რაიმე დაემუქრებოდა. ის კატაკლიზმები, რაც შემდგომში დატრიალდა, რისი მომსწრენიც დღეს ვართ, მაშინდელი ახალგაზრდობა მხოლოდ ფანტასტიკის სფეროდ თუ მოიაზრებდა.

 

მამუკა დოლიძე: მდგმურების თემა აღებული მაქვს თანამედროვე ლიტერატურიდან ხულიო კორტასარის მოთხრობიდან, ასევე კობუ აბეს პიესიდან. ეს მოტივები “მდგმურებში” გამოვიყენე. 1982 წელს როცა დაიწერა ნაწარმოები, ვგრძნობდი, რომ სიტუაცია მძიმდებოდა, იგრძნობოდა, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მალე აქტუალური გახდებოდა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო მისთვის.

 

კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სიტუაციის დამძიმება?

- რუსეთის ბრძოლა აფხაზეთის ჩამოცილებისთვის უკვე აშკარა იყო. მართალია ეს აკრძალული თემა გახლდათ, მაგრამ ის რომ ყველაფერს ორგანიზებას საბჭოთა კავშირის ცეკას იმდროინდელი მდივანი იდეოლოგიურ დარგში მიხეილ სუსლოვი უწევდა, საყოველთაოდ იყო ცნობილი. სწორედ ამ რეალობამ მიბიძგა, რომ მდგმურების მოტივები გამომეყენებინა და დამეწერა ახალი, ორიგინალური მოთხრობა.

 

ეს მოთხრობა არცერთმა მაშინდელმა ჟურნალმა არ დაბეჭდა. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაბედა ჟურნალმა “რიწამ” და დაბეჭდა მოთხრობა... ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის ცნობილი მოვლენები მოხდა 1989 წლის ივლისში.

 

საინტერესოა ის არგუმენტები, რომლითაც ოპერირებდნენ მაშინდელი ჟურნალის რედაქტორები, როცამდგმურებისარდაბეჭდვის გადაწყვეტილებას იღებდნენ...

- ზოგმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს არის აკრძალული თემა, რომ ამ თემას არ შეიძლება შევეხოთ, ცენზურა ამას კრძალავს... ერთი სიტყვით, ვერ გარისკა ვერავინ ... ადამიანურად მესმოდა მათი... ისიც თვალსაჩინო იყო, რომ პრივატულ საუბრებში ყველა გულწრფელად აფასებდა ამ ნაწარმოებს დადებითად.

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ მოვლენათა უმწვავესი ფორმებით განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა იმანაც, რომ რეალურად არსებული პრობლემა იდეოლოგიურად იზღუდებოდა, უფრო მომზადებული ხომ არ იქნებოდა საზოგადოება აქტიურად რომ ეფიქრა ამ თემებზე და მისი გადაწყვეტის გზები თავადვე მოენახა?

- ბუნებრივია, უფრო მომზადებულები ვიქნებოდით, თუმცა, მაშინდელი ცენზურა გაუკუღმართებულად ფიქრობდა. ისინი თვლიდნენ, რომ თუკი არ გაამახვილებდნენ ყურადღებას, პრობლემა თავისთავად მოიხსნებოდა. მაგრამ პრობლემის დამალვა, მასზე ყურადღების არგამახვილება და მისი არაცნობიერში გადატანა პირიქით უფრო აძლიერებს მას და არანაირად არ უწყობს ხელს მის აღმოფხვრას.

 

ბუნებრივია, ასე არ ხდება. ის რაც უკვე არსებობს, უკვე არსებული მეტასტაზების დამალვა სულ სხვა ფორმითა და რეალობით იჩენს თავს.  რაც უფრო მძაფრად მალავ რეალობას, ის უფრო მეტი სიმძაფრით ჩნდება. სახარებაშიცაა ნათქვამი: “არაფერია ისეთი, რაც იქნეს დამალული, და არა გაცხადდესო...”

 

ამ მოთხრობის მიხედვით 1985 წელს დავწერე პიესა, რომელიც დრამატურგიულ კონკურსზე გავიტანე. კონკურს თავმჯდომარეობდა თამაზ ჭილაძე, რომელსაც ძალიან მოეწონა ნაწარმოები. იყო ასევე შესანიშნავი პიროვნება ვაჟა ბრეგაძე კულტურის სამინისტროდან, მათ აიტაცეს მდგმურების თემა, დაუჭირეს მხარი პიესას, რომელმაც კონკურსზე გაიმარჯვა.

 

ამ გამარჯვებამ პიესას გზა გაუხსნა თეატრის სცენისკენ. სანდრო მრევლიშვილმა მეტეხის თეატრში გადაწყვიტა კიდეც მისი დადგმა.  რეჟისორი იყო კანდიდ გურგენიძე, სპექტაკლი წარმატებით გადიოდა წლების განმავლობაში. პიესა დაიდგა ბოლნისის თეატრშიც, რეჟისორი გახლდათ ზურა ხვედელიძე.

 

ამის მერე პიესით დაინტერესდა თემურ ჩხეიძე, განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინა მერაბ ჯაფარიძემ შექმნილიყო სატელევიზიო სპექტაკლი. მისი შრომა და მონდომება ამ მხრივ მეტად დასაფასებელია. საგულისხმოა ისიც, რომ მთავარ როლს ტელესპექტაკლში საშა იოსელიანი ასრულებს, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა. მოგვიანებით გადაღებული იქნა კინოც.

 

მდგმურებში” საკმაოდ მძიმე სურათებია აღწერილი, გასაგებია, რომ სუსლოვის იდეოლოგია ქართველთათვის არცთუ სასურველ სცენარს ამზადებდა, თუმცა რთული იყო იმ არსებული მდორე ყოფის ფონზე ვინმეს წარმედგინა, რომ მოვლენები ასე მწვავედ განვითარდებოდა...  რამ გიბიძგათ ასეთი გამძაფრებული სურათებისკენ?

- მხატვრულ სიტყვას წინასწარმეტყველური ძალა აქვს, როცა რაღაც თემას ეხები, რომელიც უშუალოდ ამ სიტუაციაში არ ჩანს, მაგრამ მისი შესაძლებლობა რეალურია და ამ თემას ანვითარებ მხატვრული ფორმის მიხედვით, ეს ისეთ სახეს ღებულობს, რაც მართლდება მომავალში. საკმაოდ ცხადი იყო, რომ ქართველ კაცს ართმევდნენ მიწას.

 

ამ თემაზე შექმნილმა მხატვრულმა ნაწარმოებმა ისეთი განვითარება და გაშლა ჰპოვა, რომ დაემთხვა იმას, რაც შემდეგ რეალურად მოხდა. მაგალითად ტელეპიესაში, რომელიც ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით მერაბ ჯაფარიძემ გერმანიაშიც დადგა 1990 წლის შემდეგ, ერთი ერთზე ახდა ყველაფერი ის, რაც პიესაშია ნათქვამი.

 

ქართველის ბინაში შემოდიან უცხოელები, რუსი, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ართმევენ მას ბინას და ბოლოს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მოდიან კიდევ უფრო უარესი მდგმურები, “ბოევიკები” ავტომატებით, შუბლშეკრულნი, ყუმბარებით იმ მოთხოვნით, რომ მიაქირავონ ეს ბინა მათ. ისე რომ საერთოდ ქართველი, ამ ბინის იურიდიული პატრონი, როგორც “აგრესორი” გაგდებულია ავანსცენიდან.

 

მერე მოდის სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს, რომ ერთად უნდა იცხოვრონ მდგურებმაც და მასპინძელმაც, რომ ეს არის თანაცხოვრობის ერთი საერთო სივრცე.

 

ამ პიესის მიხედვით დავით ჯანელიძემ გადაიღო ფილმი...

- ამ ფილმში  დასმულ პრობლემებს უფრო ზოგადი ხასიათი აქვთ მიცემული. აქ არის ხაზგასმული, რომ ეს არის არა მარტო ძალადობა ერზე, არამედ ძალადობა ადამიანის ინტელექტზე. ეს არის ის ძალა, რომელიც ადამიანს თრგუნავს და აზროვნებას ზღუდავს. ამ ფილმმაც წარმატებას მიაღწია. გრან-პრი მოიპოვა მონპელიეს საერთაშორისო კინო-ფესტივალზე.

 

 ნაწარმოებს საკმაოდ საინტერესო ფინალი აქვს...

- ტელეპიესის ფინალში არის ის, რომ მას შემდეგ რაც ქართველს წაართვეს ბინა და სასამართლომ მას მიუსაჯა თანაცხოვრება თავის “მეგობრებთან და ძმებთან” ანუ დამპყრობლებთან ერთად, მოდიან კიდევ უფრო უარესი მდგმურები, ბოევიკების ფორმითა და აღჭურვილობით, და იქ მყოფ მდგმურებს ეუბნებიან - ცოტა ჩაიწიეთ, ჩვენც გვინდა ადგილი ამ ბინაშიო... ერთი სიტყვით, ვაჩვენე, რომ ის დაწყებული პროცესი, რაც მდგმურების შესახლებითა და მათი დაკანონებით მოხდა, უსასრულოდ გრძელდება. ეს ის პროცესია, რასაც ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს.

 

როგორ გგონიათ, ჩვენს დროში მიმდინარე ანალოგიური პროცესების ფინალი როგორი იქნება?

-  ის ვინც ძალადობას მიმართავს, ძალადობითვე მოეღება ბოლო. ვინც ამ გზაზე მიდის, კიდევ უფრო უარესი დახვდება წინ. ორიოდე წლის წინ სეულში გახლდით ფილოსოფოსთა 22-ე კონგრესზე. იქ მყოფი რუსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა ამერიკელებმა გააღვივეს ხელოვნურად, რათა საქართველო დაეპირისპირებინათ რუსეთისთვის და ამით შეექმნათ საქართველოში დასაყრდენი.

 

ასეთი პოზიცია ბუნებრივია სისულელეა, რადგანაც როდესაც ეს პრობლემები დაიწყო, როცა ამ პრობლემებმა იჩინეს თავი გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისისათვის, მაშინ ამერიკის ნასახიც კი არ იყო ჩვენთან... მაშინ უკვე აქტიურად იბრძოდნენ იმპერიალისტური ძალები აფხაზეთისთვის.

 

თუ როგორი გავლენა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის საქართველოში ერთ საგულისხმო მაგალითს მეც შევესწარი. 80-იანი წლების შუა პერიოდისას ჩვენი ლოტბარი, ცნობილი მუსიკოსი კოტე მშვიდობაძე იმის გამო, რომ ამერიკელ კოლეგას ქართული ხალხური სიმღერების ნოტები გადასცა, სამი თვის განმავლობაში ატარეს უშიშროებაში... ამერიკელისთვის ნოტების ჩუქების ფაქტშიც კი რაღაც ქვეტექსტი დაინახეს... ასეთი რეალობისას საინტერესოა, რა გზითა და ხერხით უნდა მოეხერხებინა ამერიკას სსრ კავშირში პროცესების მართვა? რუსის შემცილე საბჭოთა კავშირს მართვაში არავინ იყო...

- ამიტომაც ვამბობ, რომ მაშინ თეორიულადაც კი არ არსებობდა იმის ვარიანტი, რომ აქ მიმდინარე პროცესებში ამერიკა ჩარეულიყო. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და ახლა იჩინა თავი საკმაო სიმწვავით. თუნდაც ყბადაღებული სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რომელიც ზვიად გამსახურდიას პერიოდში საკმაო სიმწვავით გამოირჩა, ისევ რუსების ინსპირირებული იყო... ზვიადი ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგი რომ გახლდათ, ეს საყოველთაოდაა ცნობილი...  ასე რომ, ყველა გზა მოსკოვთან მიდის... აშკარაა, რომ ეს არის დიდი ხნის წინ მომზადებული გეგმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მისამართით.

 

სწორედ ეს განწყობა აისახა “მდგმურებში”. მიხდებოდა ქართულ სოფლებში სიარული და ვხედავდი როგორ იცლებოდა ეს სოფლები ქართველებისგან, როგორ იკავედნენ ამ ტერიტორიებს  “მდგმურები”, ეს რეალობა რომ თავს უმწვავესად იჩენდა ადრე თუ გვიან, ჩემთვის მაშინათვე ცხადი იყო...

როგორც ვიციმდგმურებირუსულ ენაზეც ითარგმნა თავის დროზე, საინტერესოა როგორი იყო რეაქცია?

- საკმაოდ კარგად მიიღეს რუსებმა ეს ნაწარმოები. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი ის გახლდათ, რომ თავიანთი პრობლემები დაინახეს აქ. პირდაპირ განმიცხადეს, რასაც წერ, ეს მოსკოვის პრობლემებიაო, მდგმურების თემა ჩვენთვის საკმაოდ მწვავედ დგასო... გაუკვირდათ ეს პრობლემა საიდან გაჩნდა თბილისშიო...

 

მართლაც საკმაოდ მწვავედ განიცდის მოსკოვი პროვინციელების მოძალებას ქალაქში და მათ მიერ ბრძოლას მზის ქვეშ ადგილისათვის. რა თქმა უნდა, რუსებს სრულიადაც არ დაუნახავთ ამ მოთხრობაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, იგულისხმეს ის, რომ ადამიანს თავისი ადგილიდან აძევებენ და ამ ადგილას მოდის უცხო ხალხი, რომელიც უცერემონიოდ იკავებს მასპინძლის ადგილს.

 

მოთხრობას რამოდენიმე პლანი აქვს - ისტორიული, დამპყრობლის შემოსვლა საქართველოში, პოლიტიკური – რომლითაც ცხადია რომ ეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეხება, არის კიდევ ერთი პლანი - რაც დავით ჯანელიძემ განავითარა ფილმში - ეს არის ინტელექტის დაჩაგვრა, რაც უცხო ძალის მიერ სერიოზული სახით იჭრება ადამიანის გონებასა და სულში და აიძულებს მას, რომ წეროს ისე, როგორც საჭიროა ვიღაცისთვის, ისე, როგორც ვიღაცას უნდა.

 

სხვადასხვა მოტივებია ჩადებული ამ მოთხრობასა და მის მიხედვით დადგმულ პიესაში და ეს რეალრბა თავისთავად ნაწარმოების სხვადასხვანაირად წაკითხვის შესაძლებლობასაც იძლეოდა. სხვათა შორის, როცა მერაბ ჯაფარიძემ მდგმურები გერმანიაში დადგა, ამ ერისთვის მტკივნეულ პრობლემებზე იყო აღებული აქცენტი.

 

ის, რომ დღეს მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს არსებული რეალობისას, ნიშნავს იმას, რომ ყველას მეტ-ნაკლები სიმწვავით აქვს ეს პრობლემები ინტელექტუალური, პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით...

- კი, ეს ასეა, თუმცა, მთავარია ის, რომ ყველა ქვეყანა თავის თავთან იყოს მართალი.  თუ შენ შენს ქვეყანაში მდგმურების წინააღმდეგი ხარ, არ უნდა წაახალისო მდგმურები სხვა ქვეყანაში. თუ ეს პრობლემა გაწუხებს, უნდა გაწუხებდეს შენთანაც და შენი ქვეყნის გარეთაც.  სხვაგან მდგმურებს მხარს უჭერ და შენს ქვეყანაში წინააღმდეგი ხარ, ეს არანაირ ცივილურ ნორმებში არ ჯდება.

 

ეს ყველანაირი წესის, მათ შორის აზროვნების წესის დარღვევაა... ან უნდა დაუჭირო მხარი მდგმურებს, ან წინააღმდეგი უნდა იყო...  მესამე გზა არ არსებობს...