კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტზე ქართველი მსმენელები პირველად შეხვდებიან საქვეყნოდ აღიარებულ მომღერლებს – ვირტუოზ ჩინელ ტენორს იანგ იანგს და განუმეორებელ მეცო-სოპრანოს დანიელა პინის.
კონცერტში მონაწილეობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით. პროგრამაშია ფრაგმენტები ჯოაკინო როსინის უკვდავი ოპერებიდან "აბრეშუმის კიბე", "იტალიელი ქალი ალჟირში", "სევილიელი დალაქი", "კონკია", "ქურდი კაჭკაჭი".
ცნობილი ვირტუოზი ტენორი იანგ იანგი არის ჩინეთის ცენტრალური ეროვნული ოპერის თეატრის სოლისტი.
იანგ იანგი მრავალი პრემიითა და პრიზით არის დაჯილდოებული – მომღერალი ჩინეთის ხელოვნების მეთორმეტე ფესტივალის ლაურეატი და სამთავრობო ჯილდოს მფლობელია; იგი პირველი ტენორია, რომელიც იუნესკომ დააჯილდოვა სპეციალური პრიზით, იტალიის “დონ ჯოვანის საერთაშორისო საოპერო კონკურსში“ წარმატებული მონაწილეობისთვის; იანგ იანგმა მოიპოვა ოქროს მედალი ჩინური მუსიკის მეოთხე კონკურსზე “ოქროს ზარი“; ჩინეთის რადიოს, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის სამინისტრომ მომღერალი დააჯილდოვა მსემენელის სიმპათიის ოქროს პრიზით; ასევე მოპოვებული აქვს ჩინეთის ნაციონალური მეთერთმეტე სატელევიზიო ვოკალური კონკურსის გრან პრი და ა.შ.
იანგ იანგი ჩინეთის მთავარ საოპერო სცენებზე ხშირად ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ოპერებში "დონ ჯოვანი", "ჯადოსნური ფლეიტა", `ფიდელიო~, "სევილიელი დალაქი", "კონკია", "ტრავიატა", "ჯანი სკიკი", აგრეთვე, მოცარტის `რეკვიემში~, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში. ჩინეთის ნაციონალურ დიდ თეატრში იანგ იანგი ასევე მღერის ეროვნულ ოპერებში “ქინ ში ხვანგი და დიდი კედელი", “დაშინიანგ~. 2008 წელს შედგა მისი დებიუტი ტან დუნის ოპერაში “ჩაი~. მომღერალი ხშირად მუსიცირებს ჩინეთის ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
იანგ იანგს ჩინეთის მრავალ ქალაქში აქვს გამართული სოლო კონცერტები. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი წარმატებული სოლო კონცერტი იტალიაში, რომელსაც მუსიკალურად ხელმძღვანელობდა მილანის ვერდის კონსერვატორიის პრეზიდენტი ლუიჯი მარცოლა. იანგ იანგის შესრულებით გამოცემულია რამდენიმე დისკი.