კლერ ოლბლესი შატილის გზაზე მომხდარი შემთხვევისას დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს

კლერ ოლბლესი შატილის გზაზე მომხდარი შემთხვევისას დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს

გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„ღრმად ვართ დამწუხრებულნი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - წერს ოლბლესი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.