სამურაები თბილისში

სამურაები თბილისში

მათ, ვისაც აინტერესებთ იაპონიის კულტურა და ხელოვნება, სამურაების ტრადიცია, შეიარაღება, იაპონური თოჯინების შექმნის ტრადიცია და ისტორია, დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოწყობილ სპეციალურად იაპონიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მართლაც რომ ბევრ რამეს ნახავენ და გაეცნობიან.

 

საქართველოში იაპონიის შესახებ სამწუხაროდ ძირითადად მხოლოდ წიგნებითა და მხატვრული ფილმებით თუ იციან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის იწვევდა ეს ქვეყანა, რადგან, იაპონელები ტრადიციებისადმი პატივისცემითა და ძველი ადათებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, ქართველებს ნამდვილად გვანან. ამას გარდა, იაპონელი სამურაები გახლავთ ერთგვარი სახე და სავიზიტო ბარათი “ამომავალი მზის ქვეყნის“, სადაც, სამურაების შთამომავლები დღესაც კი წარმოადგენენ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კასტას, თანამედროვე  იაპონიის ცხოვრებაში.

 

თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს გამოფენასა და საგანმანათლებლო პროგრამას “სამურაი“. პროექტი მოიცავს იაპონელი სამურაისა და ხმლების (კატანას) გამოფენას. სამურაი წარმოდგენილია თოჯინების სახით. გამოფენილია ოცდაერთი თოჯინა–სამურაი და ოცდაორი ხმალი. მასალა მოძიებულია საქართველოში კერძო კოლექციაში (კოლექციონერი გოგი კაკაშვილი).

 

იაპონური კულტურის გაცნობა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა. დამთვალიერებლები გაეცნობიან ლეგენდებს, ისტორიას სამურაის და იაპონური ხმლის შესახებ, მიიღებენ კითხვებზე პასუხებს, ნახავენ ილუსტრაციულ მასალას, მიეცემათ შესაძლებლობა შეადარონ ყოველივე ეს საკუთარი ქვეყნის სარაინდო ისტორიასთან.