როგორც დასავლური გამოცემები იუწყებიან სცენიდან წასვლის გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა ასაკის გამო მიიღეს – მათ უკვე სამოც წელს გადააბიჯეს და 2011 წლისთვის მათი საერთო ასაკი 268 წელი იქნება. ამჟამად ვოკალისტი მიკ ჯაგერი და გიტარისტი, კიტ რიჩარდსი 66–66 წლისები არიან, დრამერმა, ჩარლი უოტსმა 70 წელს მიუკაკუნა, ყველაზე ახლაგაზრდა კი არის 63 წლის გიტარისტი რონი ვუდი.
როგორც ცნობილი გახდა გასტროლების ორგანიზებასთან დაკავშირებით “როლინგებმა” უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები საპრომოუტერო კომპანია Live Nation–თან. წინასწარი ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელი ტური, რომელიც ჯგუფის არსებობის 50 წელს მიეძღვნება, 2011 წელს დაიწყება და 2012–ში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამ 50 წლის განმავლობაში “როლინგ სთოუნზმა” არაერთხელ გამოაცხადა გადაწყვეტილება საგასტროლო მოღვაწეობის შეწყვეტის შესახებ. 1971 წელს ჯგუფი დიდ ბრიტანეთს დაემშვიდობა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, ხოლო 1982 წელს ხანგრძლივი შესვენება გამოაცხადა და 1990 წლამდე ცოცხლად აღარ უმღერია.
ჯგუფი The Rolling Stones 1962 წელს ლონდონში შეიქმნა. კოლექტივის ანგარიშზეა 29 სტუდიური ალბომი, 90–ზე მეტი სინგლი, 30 ცოცხალი ფირფიტა და 3–მდე კომპილაცია. მრავალი მისი კომპოზიცია როკენროლის კლასიკად არის აღიარებული.
1989 წელს The Rolling Stones როკის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო 2005 წელს საუკეთესო როკ ალბომისთვის “გრემი” დაიმსახურა.
2009 წლის ბოლოს ჟურნალმა Billboard გამოაქვეყნა 2000–2009 წლების ყველაზე შემოსავლიანი ტურნეების რეიტინგი, რომელშიც მიკ ჯაგერმა და კომპანიამ პირველობა არავის დაუთმეს. აღნისნულ საანგარიშო პერიოდში მათ ორი ტურნე გამართეს – Licks Tour (2002-2003) და A Bigger Bang Tour (2005-2007). ამ გასტროლებზე ბრიტანულმა ჯგუფმა 870 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.