გენდერული კვოტირება იყო ჩვენი ინიციატივა და ეს ინიციატივა აისახა საარჩევნო კოდექსში და როგორც მოგეხსენებათ, შემდეგ პარლამენტში ყველა პარტია ვალდებული იქნება, საკუთარ საარჩევნო სიაში, ყოველ ოთხეულში განისაზღვროს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვოტის მიღმაც კი შეგვიძლია, უფრო მეტად უზრუნველვყოთ გენდერული ბალანსი ჩვენს საარჩევნო სიაში და ბუნებრივია, აქეთკენ იქნება ჩვენი საქმიანობა მიმართული. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი ჩვენი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში და ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა.
სამუშაო პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ახალი სახეები უკვე შერჩეული გვყავს, როგორც კაცები, ასევე ქალები. გრძელდება უშუალო კონსულტაციებიც. ეტაპობრივად საზოგადოებას აუცილებლად წარვუდგენთ პროპორციულ საარჩევნო სიას, მათ შორის ახალ სახეებს. ზუსტად როდის მოხდება ეს, ამაზე ბუნებრივია, მივიღებთ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არაუგვიანეს სექტემბრის დასაწყისისა ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცნობთ პროპორციული საარჩევნო სიის ძირითად ნაწილს, მათ შორის ახალ სახეებს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივნისს წარადგინა.