სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა მისი და მისი მეუღლის, პრინცი ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის ნამდვილი მიზეზი გაასახელა. ონლაინ-სამიტ Girl Up-ის გავრცელებულ მეგან მარკლის ვიდეომიმართვის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს.
„ინტუიცია ყოველთვის გიკარნახებთ, რა არის სწორი და რა - არასწორი. რა სამართლიანია და რა უსამართლო. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი პრინციპების ქმედებებით დამტკიცება იყო. ცვლილებები, რომლებისკენაც თქვენ მიისწრაფვით, ყოველდღიურად არ ხდება. თუმცა, როდესაც უკან მოიხედავთ, დამიჯერეთ, თქვენ დაინახავთ, რომ თითოეული ნაბიჯი მიზანთან გაახლოვებთ“, - განაცხადა 38 წლის მეგანმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების დაცვა.
„ნეგატიური შეფასებები ყოველთვის იქნება, ზოგჯერ ისინი საკმაოდ ხმამაღალი და მტკივნეულია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ამ შეფასებების ჩასახშობად შინაგანი ხმა გამოიყენოთ. ეს შეფასებები - გარე ხმაურია, თქვენი შინაგანი ხმა კი სიმართლეს ამბობს“, - აღნიშნა სასექსის ჰერცოგინიამ.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.