SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი 49 წლის გახდა.
ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი იყო, ხოლო დედა კანადალი მოდელი და დიეტოლოგი. ილონი ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდა. 10 წლისას უკვე კომპიუტერული ტექნიკა აინტერესებდა. დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება, 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა და 500 დოლარად გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ცხოვრების გამარტივების იდეები ბავშობიდანვე გაუჩნდა.
17 წლის ასაკში მასკი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ კი, სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 1999 წელს Compaq-მა 340 მილიონი დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ ილონ მასკმა დააფუძნა X.com, რომელიც 2000 წელს შეერწყა კომპანია Confinity-ის, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და 2002 წელს ის eBay 1.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია, უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Institute for Policy Studies-ის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 10 აპრილამდე ილონ მასკის ქონება 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მასკის ქონება 39,7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.