მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა და თეთრი ფერის ხორცს უხდება, წითელი - წითელს, ტრადიცული ადგილობრივი ღვინოები კი მშვენივრად ეხამება ადგილობრივ კერძებს. თანამედროვე გურმანები ასეთ დამოკიდებულებას სწორხაზოვნებისა და პრიმიტიულობის გამო აკრიტიკებენ, თუმცა, სიმართლის გარკვეული მარცვალი მასში უდავოდ დევს.
მაგალითად, წითელი ღვინო ძალიან ხშირად არ უხდება თევზს, რადგან ეს უკანასკნელი სასმელს ლითონის მომწარო გემოს აძლევს (თუმცა, წითელ ღვინოში მომზადებულ თევზთან წითელი ღვინო მშვენიერი დასალევია. ასეთ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ არჩევანი Pinot Noir-ზე შეაჩეროთ). უხეში ტექსტურის ხორცი, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს, განსაკუთრებით, საქონლის ბიფშტექსი, მშვენივრად არბილებს ტანინის გემოს, აქედან - წესი: წითელი ღვინო სუფრაზე წითელი ფერის ხორცეულთან, თეთრი კი თევზსა და ხორცის თეთრ სახეობებთან ერთად მიიტანეთ.
ყველასათვის ნათელია, რომ თევზეულსა და ღია ფერის ხორცს კუჭი გაცილებით იოლად ითვისებს, ვიდრე ნანადირევს და წითელი ფერის ხორცეულს, აქედან გამომდინარე, ეს პროდუტები უფრო დელიკატური მეთოდით უნდა მოვამზადოთ, რათა მათ გემოვნებით თვისებებს გაესვას ხაზი - მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ან სულაც, ორთქლზე.
ზემოთმოყვანილი რეკომენდაციები დღესაც ძალაშია. თამამად შეგვიძლია დავეყრდნოთ ძველ პრინციპს და ღვინო ცილოვანი საკვების ფერის მიხედვით შევარჩიოთ: როცა ცხვრის, საქონლის ხორცი და ნანადირევი მარტივად, ყველანაირი "ჩახუჭუჭების" გარეშეა მომზადებული, უკეთესია მათთან წითელი ღვინო მივირთვათ (ასევე, ინდაურსა და ღორის ხორცთანაც). თევზისა და კვერცხის კერძების უმეტესობას თეთრი ღვინო უხდება, პარკოსანი კულტურებისგან მომზადებულს კი - წითელი. ყველაფრის მიუხედავად, ხორცის ფერი არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ღვინის შერჩევაში გვეხმარება.