ფეიკ ნიუსის ტალღა ბიძინა ივანიშვილზე და საკუთარ ტყუილებში გახლართული „მთავარი არხი

ფეიკ ნიუსის ტალღა ბიძინა ივანიშვილზე და საკუთარ ტყუილებში გახლართული „მთავარი არხი"  - POSTV

როგორ უკავშირებს „მთავარი არხი" ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენას ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ ფეიკ ინფორმაციას თავი POSTV-მ მოუყარა.

"ამბობენ, ყველა გზა რომში მიდისო. თუმცა, არა „მთავარი არხისთვის". ეს არხი  უკვე დიდი ხანია ადასტურებს, რომ ენას ძვალი მართლაც არ აქვს. ანუ, სხვადასხვა ბრალდებების შესახებ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გვიყვება. ასე მაგალითად, ხან გვეუბნება, რომ ყაზბეგის ქუჩაზე ივანიშვილის ძმის სახლში მკვლელობა მოხდა, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია,  ხან მიწების გასხვისების შესახებ გვიყვება და დასკვნებს ვარაუდის დონეზე აკეთებს, ხან ქობულეთში უკანონო მშენებლობაზე საუბრობს, ხან რაჭაში ოქროს და ლალის ქვების მოპოვებაზე. ძალიან ბევრი ასეთი ხან არსებობს. არაარგუმენტირებული ბრალდებების ადრესატი კი, ყოველთვის ერთი და იგივე პიროვნებაა" - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

სიუჟეტის თანახმად,  ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებების წასაყენებლად მთავარ არხს არანაირი რეალური მტკიცებულება გააჩნია.  თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით.

“როდესაც ბევრს ცრუობ, ხანდახან საკუთარ ტყუილებში თავადვე იხლართები. თუ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით, ნათელ მაგალითს ძალიან მარტივად გიჩვენებთ.

კალაძემ ტყე დამარხა - ოპოზიციის მტკიცებით, დიღმის ჭალების კარიერები ივანიშვილის დისშვილის ბიზნესია. ასე დაასათაურა მთავარმა არხმა მორიგი „სენსაციური" ამბავი. მაგრამ აქ პატარა გაუგებრობას აქვს ადგილი.  თავდაპირველად, წამყვანი დიღმის ჭალების განადგურების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის დის შვილის საკუთრებაშია. ბუნებრივია, მაყურებელს უჩნდება ინტერესი, რა აკავშირებს დიღმის ჭალებთან ივანიშვილის დის შვილს. თუმცა, პასუხს ალბათ ვერასდროს მიიღებს, რადგან ჟურნალისტის ჩართვისას ერთი დამაბნეველი გარემოება ჩნდება. ახლა ის გვიყვება, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ფიგურირებს.  ეგ არაფერი, ალბათ, სიტყვები ერთმანეთს გავს და გაუგებრობაც ამან გამოიწვია.  ალბათ მაყურებელი ინტერესდება, რა კავშირი აქვს საქმესთან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს. უკაცრავად, მაგრამ აქაც უნდა დაგაბნიოთ. ლევან ხაბეიშვილს განსხვავებული ვერსია აქვს - ის ამბობს, რომ დაინტერესებულია ლაშა პაიჭაძე, რომელიც ქართუსთან, ბიძინა ივანიშვილთან და კობიაშვილთან არის დაკავშირებული. დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით. რა მნიშვნელობა აქვს დის შვილის, დეიდაშვილის თუ უბრალოდ ახლობლის გავლით, მთავარია, რომ გზა როგორმე ივანიშვილთან მიდიოდეს" - ამბობს სიუჟეტის ავტორი.