დღეს, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მეუფე შიომ წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქართველი გმირების სულების მოსახსენიებელ ლოცვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ. „მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. დამერწმუნეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის საზრუნავი სწორედ ის ოჯახები იქნება, რომლის წევრებმაც საქართველოს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას შეწირეს თავი" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება. მშენებლობა ერთიანი საქართველოსთვის 2008 წ. აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით მიმდინარეობს.