ფოტოაპარატი – დამოკლეს მახვილი ბრედ პიტის თავზე

ფოტოაპარატი – დამოკლეს მახვილი ბრედ პიტის თავზე

ჰოლივუდის ვარსკვლავების – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახში უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტს მოპარეს ციფრული ფოტოაპარატი, რომლის ღირებულებაც 22 ათასი დოლარია. თუმცა ვარსკვლავს ამ შემთხვევაში უფრო მეტად აღელვებს არა ნივთის ღირებულება, არამედ პირადი ხასიათის უნიკალური კადრები, რომლებიც აპარატშია ჩატვირთული.

 

ვარსკვლავური წყვილი ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რომ ათასამდე ოჯახური და აგრეთვე სხვა სახის ფოტოებიც შესაძლოა საზოგადოების კუთვნილებად იქცეს. ფოტოაპარატის დაკარგვის ამბავმა არა მხოლოდ ჯოლი და პიტი, არამედ ბრედის ყოფილი მეუღლე ჯენიფერ ენისტონიც ააფორიაქა.

 

როგორც ჰოლივუდური წყვილის ოჯახის ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სერიალ ”მეგობრების” ვარსკვლავმა საოცრად განიცადა, როცა ფოტოაპარატის გაქრობის ამბავი შეიტყო. საქმე ის არ გახლავთ, რომ აპარატში შესაძლოა ინტიმური ხასიათის ფოტოები ინახებოდეს, უბრალოდ, ენისტონს არავითარი სურვილი არა აქვს, მისი პირადი ცხოვრება უცხო ადამიანებისთვის თვალსაჩინო გახდეს.

 

ცოტა ხნის წინ ექს-მეუღლემ ენისტონს საიდუმლო შეხვედრისას სურათები გადაუღო მსხვილი პლანით და, თუ ანჯელინა ჯოლი ამ ფოტოებს აღმოაჩენს, დიდი სკანდალია მოსალოდნელი. ენისტონისა და პიტის ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა ჯოლის აღშფოთებისა და ოჯახური აყალმაყალის მიზეზი და არც ამჯერად არის გამორიცხული მსგავსი რამ. თუმცა, ანჯელინას ფოტოაპარატის დაკარგვა არა მხოლოდ ქმრის ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის გამო აწუხებს. არც მისთვის არის სასურველი, რომ მსახიობის პირადი ცხოვრება საჯარო გახდეს. ამ აპარატით სწორედ პიტისა და ჯოლის მრავალი ყოფითი სცენაა დაფიქსირებული.

 

atb.ge