რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.
დღევანდელ წერილში ტრადიციულად ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
ერთხელ ცირკის დირექტორმა ბორის წიფურიამ რუსთაველის თეატრში “ხანუმაზე” 13 ლილიპუტი გოგონა მიიყვანა. დარჩენილი ყოფილა მხოლოდ პირველი რიგის ოთხი ბილეთი. ყველანი იმ სკამებზე დაეტივნენ. თურმე მთელი დარბაზი მათ უყურებდა. ეს “ორიგინალური” მაყურებლები არც თეატრის მსახიობებს გამორჩენიათ. როლში შესულ ეროსი მანჯგალაძეს უთქვამს: “ორი უღელი კამეჩი რომ მოვლალევი, ისეთი პატარები იყვნენ, ისეთები, რომა, აი, როგორც, აი, ჩვენი სტუმრები არიანო”. დაწყვეტილა სიცილით მთელი თეატრალური დასი.
ბატონი ნიაზ დიასამიძე ნამდვილი თბილისელი კოლორიტი და მეტად მოსწრებული ენის პატრონი იყო. სამწუხაროდ ასეთი პიროვნებები დღეს ჩვენს ქალაქში ერთი-ორი თუა დარჩენილი. ქართლოს კასრაძე იხსენებდა: “ერთ დღეს ნიაზი სიცილით მეუბნება: “ ხომ იცი, ამ ბოლო დროს “ზაპოი” მაქვს, შინ რომ მივალ, დედაჩემი უკვე კარს იქიდან გრძნობს ღვინის სუნს და სახლში არ მიშვებს ხოლმე. ჰოდა, გუშინ მაგრად მოვატყუე – ვარდის ლიქიორით დავთვერი და რომ მივედი გახარებულმა გამიღო კარი, ეგონა ყვავილები მივუტანე. ”რაღაცნაირი ხუმრობა იცოდა, სხარტი, გონიერი, თანაც უცებ მოიფიქრებდა ხოლმე.
ერთხელ ბელინსკის ქუჩაზე ჩავდივართ, ზამთარია, მოყინულია ქუჩა. დამიცურდა ფეხი და ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, სანამ დავეცემოდი. ნიაზმა მოასწრო, ჩაიკუზა და ამომძახა: “დაჯე, ვილაპარაკოთ!” “
იცით თუ არა, რომ კიდევ ერთი ნაღდი თბილისელი, ცნობილი მსახიობი დოდო აბაშიძე ცხოვრებისეული “კარიერის” დასაწყისში მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აბაშიძე ზემელზე პურის მაღაზიაში “მოღვაწეობდა”. თურმე აწონისას ცოტას იპარავდა და გურამ ლორთქიფანიძის მოგონებით, თავის მშიერ საძმაკაცოს უნაწილებდა.
ერთხელაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ კონტროლზე, ამ საქმეს მაშინ სტუდენტებს ავალებდნენ. დოდოს სავაჭრო ობიექტში ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე მოხვდნენ. ეროსი მანჯგალაძეს მიუმართავს – “პატივცემულო, მომხმარებელს რატომ ატყუებო”. შენ ვინ გკითხავსო, უთქვამს დოდოს და წაურტყია ალიყური. გავიდა რამდენიმე წელი. დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. რასაკვირველია მალე ეროსი მანჯგალაძესაც შეხვდა, რომელმაც იცნო: “თქვენ ის გიჟი მეპურე არა ხართ, ალიყური რომ მითავაზეთო? ძალიან გთხოვთ, ამ ინციდენტს ნურავის მოუყვებით”. მაგრამ დოდო აბაშიძე, როგორც ანეკდოტს, ყველგან ყვებოდა თურმე.
თბილისელ კოლორიტებზე ჩამოვარდა სიტყვა და როგორ იქნება, რომ გია ფერაძე არ ვახსენოთ. ერთხელ გია მეგობარს, ლაშა თაბუკაშვილს შეხვდა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ ხორცი ეყიდათ, აეტანათ ლაშასთან და ხინკალი გაეკეთებინათ. შეიძინეს ხორცი, არაყი, დანარჩენი რაც საჭირო იყო და თაბუკაშვილებთან ფიქრის გორაზე ავიდნენ. სანამ ხინკალი მოიხარშებოდა ორივე საკმაოდ შეთვრა. სუფრაზე ლანგარზე დაწყობილი ხინკალი რომ შემოიტანეს, გია მარტო იყო ოთახში.
ბევრი ეძება შავი პილპილი, მაგრამ ვერსად მიაკვლია. უცებ შენიშნა, რომ წიგნების თაროზე ყუთში რაღაც შავი ფხვნილი ეყარა. ბევრი არ უფიქრია, ამოიღო და მოაყარა ხინკალს. როდესაც ჩაკბიჩა, ლუკმა კბილებში აუკნატუნდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლაშა და თავზარდაცემულმა იყვირა: – რა ქენი, თამარაშვილი მოაყარე ხინკალს?. თურმე ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ლაშა თაბუკაშვილის მამამ, რეზო თაბუკაშვილმა მიხეილ თამარაშვილის ნეშტი ჩამოასვენა საქართველოში და იმ დღეებში ფერფლის ურნა მის სახლში ესვენა.
მეორე მსოფლიო ომის დღეებში ქართველი მსახიობები ერთ დიდ პოლიტიკურ სკანდალს გადაურჩნენ. მაშინ თბილისში მხატვრულ ფილმს “აკაკის აკვანს” იღებდნენ. საქართველოს დედაქალაქში თეოდორ რუზველტის ვაჟი – ელიოტი, თავის მსახიობ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მსახიობებს ერთად მოუყარეს თავი, დააყენეს და პრესისათვის ფოტოც გადაუღეს. ამ ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, უცებ გადმოვარდა უზარმაზარი გასანათებელი აპარატურა და ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ერთი წუთის წინ სტუმარ-მასპინძლები იდგნენ. ხომ შეიძლებოდა, სწორედ მაშინ გადმოვარდნილიყო, როცა იქ ელიოტ რუზველტი იმყოფებოდა. ეს ისტორია ბევრმა არ იცის, არადა შეიძლება დიდი უბედურება დატრიალებულიყო.
მრავალი საბჭოთა მხატვრული ფილმის ერთ-ერთ მთავარ და “პოპულარულ” პერსონაჟს, ვლადიმერ ულიანოვი ანუ ლენინი წარმოადგენდა. პროლეტარიატის ბელადი მეტად “საყვარელი” კინოსახე იყო და იშვიათად ნახავდით კინოსურათს, სადაც მის სახელს ერთხელ მაინც არ ახსენებდნენ.
მსახიობი ზურა ყიფშიძე იგონებდა: “შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს “წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა – “ლენინი მოკვდა!”. ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, “ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე – მეთქი. დედამ შემომხედა და მეუბნება: “წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ – მეთქი. ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე. მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი – “ლენინი მოკვდა!”. სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: “ შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.
ეს სახალისო ისტორია კი ოციოდე წლის წინ მოხდა. გახსოვთ ალბათ იმდროინდელი პოპულარული გადაცემა “ეს ესტრადაა”, რომელიც მუსიკათმცოდნეს, ბატონ ევგენი მაჭავარიანს მიჰყავდა. ერთ ზაფხულს ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ახლობელი გარდაეცვალა სამეგრელოში და დაკრძალვაზე მუსიკალური რედაქციის მთელი შემადგენლობა გაემგზავრა.
თბილისიდან ჩასული სტუმრები დიდი პატივით მიიღეს. დადგა მისამძიმრების დროც. როცა კარის ზღურბლზე ფეხი ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა შედგა, გაისმა მოტირალი ქალების “განსაკუთრებული” შეკივლება: – ტიტუუ, ტიტუუუ! შე საცოდავო, ნახე ვინ მოვიდა, ეს ესტრადაა მოვიდა, ეს ესტრადაა მოვიდაააა!. “სატირლად” ჩასული ხალხი ერთმანეთს ასწრებდა.
დღევანდელი წერილის დასასრულს კი კვლავ ბატონ დოდო აბაშიძეს მინდა რომ დავუბრუნდე. გუგული მგელაძეს ერთხელ დოდოსთვის უკითხავს: შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო, უთქვამს დოდოს, ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო – დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო, უპასუხია მსახიობს.