კომპანიამ „არქი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური თანადგომა და მხარდაჭერაა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. ჩუღურეთის რაიონში, აღნიშნული ნობათები 50 ოჯახს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად დაურიგა.