ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
13 მარტს, ღამის საათებში დეზინფექცია ჩაუტარდა N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის საპატიმრო) საჩხრეკს, ავტომობილების შემოსასვლელსა და მოსაცდელ ოთახებს, სადაც ბრალდებულების მიღება და სასამართლო პროცესებზე გადასაყვანი პატიმრების დაყოვნება ხდება.
ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულების ორ სართულსაც, სადაც გარე სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილება ხდება. ეს არის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და მედპერსონალის სამუშაო ოთახები და ლაბორატორია. დეზინფექცია ჩაუტარდა კანცელარიას, სადაც დოკუმენტების მიღება ხდება; სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკონფერენციო დარბაზი, კორიდორები. ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდა საგამოძიებო ოთახებსაც, სადაც ადვოკატები და გამომძიებლები გადაადგილდებიან. სადეზინფექციო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდა, რადგან დამუშავებული სივრცე დეზინფექციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ცარიელი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ 7-8 მარტს დეზინფექცია ჩატარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობებსა და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში, ასევე ყველა იმ სივრცეში, სადაც დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირები ხვდებიან და პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში.
ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები.