დღეს, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი. მან, ასევე, დაათვალიერა საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები), რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო აეროპორტებსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებთან (ექიმი-ეპიდემიოლოგები) ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე, საერთაშორისო სარკინიგზო სადგურებში.