2012 წლის 26 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გამგებელს კახა ხაჩირაშვილს იმპიჩმენტი მოუწყეს და თანამდებობიდან გადააყენეს. ამავე დეპუტატების გადაწყვეტილებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ოლეგ იაძე დაინიშნა.
გადაყენებამდე გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პირადი განცხადების დაწერას არ აპირებდა.
კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა სიამაყით განაცხადა, რომ გამგებლის მოვალეობის ახალ შემსრულებელთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა ექნება. იაძემ დეპუტატების წინაშე განაცხადა, რომ რაიონის ბიუჯეტისთვის ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ცენტრალური ბიუჯეტიდან მაქსიმალური რაოდენობის თანხა მოიზიდოს. ამ წინადადებას დარბაზში დითირამბები მოჰყვა:
,,რაც მთავარია, ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ” – განაცხადეს საკრებულოს დეპუტატებმა. ამ სიტყვებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა რეპლიკის სახით შემდეგი ფრაზა დააყოლა: ,,ერთად!”.
კასპის საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობის უმრავლესობა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთადერთი დეპუტატი ხათუნა თათანაშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური სუბიექტის ,,რეპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელია.
რაც შეეხება კახა ხაჩირაშვილს, ის კასპის გამგებლად 2007 წელს აირჩიეს. მაშინ ადამიანის უფლებათა ცენტრი წერდა, რომ გამგებელი კანონდარღვევით აირჩიეს. იხილეთ სტატია: ,,შიდა ქართლში გამგებლობის მსურველების უფლებები დაირღვა."