დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, - ასე ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი, მამუკა არეშიძე „ინტერპრესნიუსთან“ უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება, თუმცა პარტიას 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც აქვს.
არეშიძის განცხადებით, საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება არსებობს, თუმცა ეს ზოგადად პოლიტიკური ელიტის მისამართითაა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი არსებობს, ნიჰილიზმი უფრო ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ არის, გარდა ამისა, ოპოზიცია არის უაღრესად დაქსაქსული, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გაერთიანებისკენ აქვთ ზრახვა“, - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა პოზიციას, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ გაყალბებით შეუძლია, არეშიძე პასუხობს, რომ კონკრეტულ დარღვევებს არ გამორიცხავს.
„საქართველოში არ ჩატარებული არასდროს არჩევნები, სადაც დარღვევები არ ყოფილა. ასე რომ არც ამ არჩევნებიდან ველოდები აბსოლუტურ დაცულობას. არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში იწყება სკანდალი და არსებობს ისეთი ზღვარი, როდესაც არის დარღვევები, მაგრამ ამას საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ჟღერადობა არ ეძლევა. როდესაც გაყალბებას ამბობენ, ამაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც გულისხმობენ. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ ადმინისტრაციული რესურსი რასაკვირველია, გამოყენებული იქნება და ასეთია მოცემულობა, სამწუხაროდ, არათუ ქართული, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ანალოგიური სიტუაციაა, ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა“, - აღნიშნა არეშიძემ.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება გაუჭირდება, თუ ამომრჩეველს რადიკალური რეფორმების პერსპექტივას არ დაანახებს.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება გამარჯვება იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური რეფორმების პერსპექტივა არ დაინახა მოაზროვნე ამომრჩეველმა. უფრო ღრმა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, უფრო სერიოზული საკადრო ცვლილებები და უფრო სერიოზული ნაბიჯები ეკონომიკური აღორძინებისთვის... ის, რომ თავისთავად მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებით, ქართული ეკონომიკის განვითარება 5%-ზე მაღალი მაჩვენებლით არის, ეს კარგია თავისთავად, მაგრამ ეს სოციალურ სურათს არ ცვლის. სოციალური სურათის გამოსწორება არის „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა და იმ ნაპრალის ამოვსება, რაც არსებობს ღარიბებსა და მდიდრებს შორის, ეს ნაპრალი დღითიდღე იზრდება, მით უმეტეს, მსოფლიო სავარუდო ეკონომიკური კრიზის ფონზე. ამ მოცემულობის არდაშვება არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ ეს ნაპრალი არ გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი მართლა შედგა, რისი პროგნოზებიც არსებობს, საქართველოს მოსახლეობამ დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება, თუმცა მისივე თქმით, პარტიას 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც აქვს.