გია ვოლსკი:  ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის სესიასთან დაკავშირება არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს

გია ვოლსკი:  ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის სესიასთან დაკავშირება არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს

ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო. ეს გარდაცვლილი ადამიანების და მათი ახლობლების შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო პლენარული სხდომის გადადების თაობაზე ოპოზიციის მოწოდებას. ვოლსკის შეფასებით, მომხდარი ტრაგედიის სესიასთან დაკავშირება სპეკულაციის პიკია.

„ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო. ეს გარდაცვლილი ადამიანების და მათი ახლობლების შეურაცხყოფაა. ეს არის თემა, რომელიც მორალურადაც მნიშვნელოვანია და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს. რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. კომიტეტი არ არის, დარგი არ არის, საკითხი არ არის ისეთი, რომლის განხილვაც საგანგებო მნიშვნელობის არ იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის - სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,” - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ბაღდადში ხანძრის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო. ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უმრავლესობოს დეპუტატებს მოუწოდა, ამ ტრაგედიის გამო, დღეს პარლამენტის სხდომა გადაიდოს.