პარტიის “გამარჯვებული საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე “2020NEWS“-თან სპეცოპერაციის დროს პანკისის ხეობაში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან კონფრონტაციაზე მიდის.
მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის საქმეს სხვა ხელისუფლება ობიექტურად გამოიძიებს.
“ეს ხელისუფლება მიდის საკუთარ მოსახლეობასთან და ქართულ საზოგადოებასთან კონფრონტაციაზე. ხელისუფლება რას იზამს, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რას ვიზამთ.
სახლეში უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიძიოთ მაჩალიკაშვილის საქმე. უნდა დავსაჯოთ ის, ვინც დასასჯელია. ახლა ოფიციალურად დააბრალეს გარდაცვლილ ახალგაზრდას ტერორისტობა. “ქართულ ოცნებაში“ სექტანტები არიან, მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არ მაქვს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში “სპეცდანიშნულების რაზმის წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია”.