მომღერალი სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 51 წლის მომღერლის დედა, ტერეზა 17 იანვარს დაიღუპა, თუმცა ამის მიუხედავად დიონმა მისი ტურნეს ფარგლებში მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, უკვე იცით, რომ დღეს დილით დედაჩემი მოკვდა. მაგრამ კარგად ვარ. დედა 92 წლის იყო, უკვე დიდი ხანია ავადმყოფობდა. ვიცოდით, რომ ჩვენთან დიდხანს არ დარჩებოდა. ორი დღის წინ მისმა მომვლელმა შეგვატყობინა, რომ მისი დრო იწურებოდა. გუშინ ჩემ დებთან და ძმებთან ერთად მონრეალში ვიყავი, საღამო დედის საწოლთან გავატარეთ. ისტორიებს ვყვებოდით, სიმღერებს ვმღეროდით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ“, - თქვა მომღერალმა.
სელინ დიონის ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში 27 აპრილამდე გაგრძელდება.