ზურა დათუაშვილი: არ მიკვირს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ყველაზე აქტიურად ყოფილი ხელისუფლების ფანები და პარტაქტივია ჩაბმული

ზურა დათუაშვილი: არ მიკვირს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ყველაზე აქტიურად ყოფილი ხელისუფლების ფანები და პარტაქტივია ჩაბმული

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ორი დღეა, გაოგნებული ვკითხულობ ერისა და ბერის აღშფოთებულ გამონათქვამებს იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტმა (ომიანობის დროს მთავარსარდალმა) საჯარო გამოსვლისას განაცხადა, - საქართველოს არმია არ ჰყავს და არც არასოდეს ეყოლებაო...

ზურაბიშვილის განსაქიქებელ შეფასებებში ერთმანეთს ეჯიბრება ჩინიანი და უჩინო, დიდი და პატარა, მდიდარი და ღარიბი, ბრიყვი და ჭკვიანი, გულწრფელად გაბრაზებული და მოწოდებით პროვოკატორი.

30 წელია, ქართულ პოლიტიკას ვაკვირდები. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. ჩემი რაიმეთი გაოცება იოლი საქმე არაა. ბევრჯერ გამომიცდია, მინახავს და მომისმენია მავანთა მიერ აგორებული შავი ფიარი. ინსინუაციებზე დამყარებულ საზოგადოებაში ეს მაინცდამაინც ძნელი საქმე არაა. ვინმესთვის ლაფის შესასხმელად კაცს ისეთი რამ უნდა მიაწერო, რაც არ უთქვამს, ან კიდევ რეალურად ნათქვამი დაამახინჯო, კონტექსტიდან ფრაზა ამოგლიჯო და შინაარსი რადიკალურად შეცვალო. დანარჩენი, როგორც იტყვიან, "რასკრუტკის" საქმეა.

პრეზიდენტზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ. ვთვლი, რომ იგი ძალიან სუსტი, უფერული პოლიტიკური ფიგურაა. თქვენ წარმოიდგინეთ, მარგველაშვილზე მეტადაც კი, რომელმაც ხანდახან მაინც იცოდა ვირზე შეჯდომა. ეს დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს და არჩევნებამდე რამდენჯერმე დავწერე კიდეც ქსელში. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მას სერიოზულ პრობლემას ენობრივი ბარიერიც უქმნის. საფრანგეთში გაზრდილი ზურაბიშვილი გამართულად ვერ საუბრობს მშობლიურ ენაზე და ხშირად არა თუ გასაგებად გადმოსცემს აზრს, იმის საპირისპიროსაც კი ამბობს, რასაც ფიქრობს.

ეს - ზოგადად.

ახლა კონკრეტულად მის სახელთან დაკავშირებული უკანასკნელი სკანდალის შესახებ, რაც, რეალურად, არაფერს წარმოადგენს ჭიქაში ამოვარდნილი ქარიშხალის გარდა.

ეს პოსტი ორი დღის დაგვიანებით შეგნებულად დავწერე. ჩემი მყისიერი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორც ბევრი გულწრფელად აღშფოთებული ადამიანის, მაგრამ მაშინვე ვიეჭვე, რომ კონტექსტის დამახინჯებასთან გვქონდა საქმე. მოუცლელობის გამო მხოლოდ დღეს მოვახერხე პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტის წაკითხვა. ამასაც არ დავჯერდი, ვიდეოჩანაწერიც ვნახე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ეჭვი სრულიად საფუძვლიანი იყო.

ვრცელ ციტირებას არ ვაპირებ, რადგან, დარწმუნებული ვარ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცით. მოკლედ თუ ვიტყვით, ზურაბიშვილმა ასეთი რამ განაცხადა - საქართველოს მთავარი პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე არის მისი მდიდარი, თვითმყოფადი კულტურა და ნიჭიერი ადამიანები. ამ ეტაპზე ჩვენ მსოფლიოს სხვა ვერაფრით გავაკვირვებთ. ჩვენ არ გვყავს უძლიერესი არმია და არც გვეყოლება. არც ისეთი განვითარებული ეკონომიკა გაგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი სიმაღლეები დავიპყროთ და რეგიონული ლიდერი გავხდეთ. ამის ნაცვლად მსოფლიოს უნდა შევთავაზოთ ის, რითაც მდიდარი ვართ და ამ გზით დავიკავოთ ღირსეული ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაშიო.

არის რამე გაუგებარი ამ აზრობრივ კონსტრუქციაში? არა მგონია. ყოველ შემთხვევაში - მე ვერ ვხედავ.

საეჭვოა, ისეთი მასშტაბის მქონე სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, ოდესმე გახდეს პირველხარისხოვანი ქვეყანა არმიის რიცხოვნობისა და სამხედრო წარმოების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალიცა და მიღწევებიც, საკეთესო შემთხვევაშიც კი, ბევრად დაბალ საფეხურზე იქნება ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ზემოთქმული როდი ნიშნავს, რომ მობილური არმიისა და ეფექტიანი ეკონომიკის შექმნაზე არ უნდა ვიფიქროთ. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, მაგრამ პირველ რიგში, პარალელურად და ინტენსიურად ვეცადოთ, საერთაშორისო ბაზარზე იმით დავიმკვიდროთ თავი, რაც უკვე გაგვაჩნია.

თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს საქართველოს წონასა და ადგილზე გრძელვადიან პერსპექტივაში, ილუზიებსაა მიცემული. გამიხარდება, თუ ვცდები და ვინმე ამას არგუმენტირებულად დამიმტკიცებს, მაგრამ მეეჭვება.

როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ამჯერადაც ტექსტობრივი მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მისი გამოსვლიდან დაინტერესებულმა სუბიექტებმა შეგნებულად ამოიღეს მხოლოდ ერთი ფრაზა, წინამდევი და უკან მომყოლი მონაკვეთების გარეშე. რაც დარჩა, ის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა შავი ფიარის ასაგორებლად. სქემა მარტივია: ნახეთ, რა თქვა ამ მოღალატემ, საქართველოს არმია არ ჰყავს და არც არასოდეს ეყოლებაო. ვერც ეკონომიკას განვავითარებთო... ამას მიაბეს საკუთარი ინტერპრეტაციები, რომელთა შეთხზვაში ბადალი არ ჰყავთ და ჯამში მიიღეს მორიგი "чп районного масштаба ", წინასწარ დაგეგმილი, სათანადოდ შეფუთული და აფიშირებული.

მე არ მიკვირს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ყველაზე აქტიურად ყოფილი ხელისუფლების ფანები და პარტაქტივია ჩაბმული. ბუნებრივია, პრეზიდენტის (აქედან გამომდინარე - მთელი ხელისუფლების) გაშავება მათ ინტერესშია. ამ მხრივ, ისინი არც პირველები არიან და არც უკანასკნელები. 2012 წლამდე ამგვარ პრაქტიკას იმდროინდელი ოპოზიცია მისდევდა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია მოკალათებული. ისინიც სწორედ ასე უკირკიტებდნენ სააკაშვილისა და მისი მაღალჩინოსნების ცალკეულ ფრაზებსა და გამონათქვამებს. განა ვინმეს მართლა სჯეროდა, რომ კახა ლომაიამ სიტყვა ბავშვის სწორად დაწერა არ იცოდა? ან პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვა მოიყვანას სწორად წარმოთქმა? ცხადია, არა, მაგრამ მაინც ქილიკობდნენ. ახლა კი ყოფილების ქილიკის დროა.

თუმცა, მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ზურაბიშვილის კრიტიკაში მხოლოდ ნაციონალური აქტივია ჩაბმული. მე, პირადად, უამრავი ადამიანის აღშფოთებული შეფასება წავიკითხე, ვისაც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებთან საერთო არაფერი გააჩნია. ყოველივე ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. მოქალაქეთა უმრავლესობა ჰიპერკრიტიკულადაა განწყობილი პრეზიდენტისა და, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ. იმდენად კრიტიკულად, რომ საჭიროდაც არ თვლიან, გადაამოწმონ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. მათში არსებობს შინაგანი მოლოდინი და მზაობა მსგავსი ინსინუაციების გასაზიარებლად. ცხადია, ეს, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის "დამსახურებაა", რასაც სხვას ვერავის დააბრალებს. ეს მან მიიყვანა საზოგადოება ამგვარ კონდიციამდე. ეს მან დაამკვიდრა ნიჰილიზმი, ინდიფერენტიზმი და ფრუსტრაცია. ხალხში უკვე დიდი ხანი აღარაა კეთილგანწყობა მთავრობის მიმართ. აშკარა ჭორებსა და ბოროტ ცილისწამებასაც კი საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება წინასწარი განწყობით, - კი, ასე იქნებოდა. სულ უფრო მცირდება რჩება ისეთი ადამიანების რიცხვი, ვინც დაჯერებამდე წუთით მაინც დაეჭვდება და იტყვის, - არა მგონია, ამას არ იკადრებდნენ...

მერამდენე შემთხვევაა, როცა სალომე ზურაბიშვილი ლინგვისტური პრობლემის მსხვერპლი ხდება? როგორც ჩანს, მის გარემოცვაში არ არიან ადამიანები, ვინც დააზღვევენ პრეზიდენტს უსიამოვნო ინცინდენტებისგან. მას უნდა ესმოდეს, რომ უამრავი კრიტიკულად განწყობილი თუ ავის მოსურნე ადამიანის ფოკუსშია მოქცეული. მის ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს აბასთუმნის ტელესკოპით აკვირდებიან. ეს სუბიექტები ბნელ ოთახში არარსებული კატის კი არა, რწყილის აღმოჩენის დიდოსტატები არიან. მით უმეტეს, არ გაუჭირდებათ ამის გაკეთება, როცა პრეზიდენტი უმარტივესი ენობრივი ლაპსუსებითა და აზრის არადიპლომატიური ფორმულირებით თვითონ აძლევს საფუძველს კოღოს სპილოდ წარმოჩენის მოსურნეთ. რაკი მას დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემა, ამაზე მისმა "სპიჩრაითერებმა" უნდა იზრუნონ. ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ვერცერთმა ავის მოსურნემ ვერ შეძლოს კონტექსტიდან ფრაზის ამოგლეჯა აზრის დასამახინჯებლად. პრეზიდენტს ასეთი სპეციალისტები, ჩანს, არ ჰყავს, ან მათ შენიშვნებს არ ითვალისწინებს.

ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტის გამოსვლაში არმიასთან დაკავშირებულმა პასაჟმა ჩვენი საზოგადოების ძალიან ცუდი მხარე გამოაჩინა. ეს ყველას ეხება, - იმ საინფორმაციო საშუალებებსაც, რომლებმაც შეგნებულად დაამახინჯეს კონტექსტი, იმათაც, ვინც გაუაზრებლად ირწმუნა ეს სისულელე და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასარგებლო ბრიყვების დიდ არმიასაც, რომელიც პროვოკატორებზე არანაკლებ გაისარჯა ამ თითიდან გამოწოვილი კაკაფონიის გასაღვივებლად. ეს კიდევ ერთი, ნათელი დასტურია, რომ რაციონალიზმს მოკლებული, ემოციებით მოაზროვნე და იოლად სამანიპულაციო ხალხი ვართ და დაინტერესებულ გარე ძალებს იოლად შეუძლიათ ისარგებლონ ამ გარემოებით. როგორც ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი ძმები იტყვიან, - стоить захотеть.