“მისასალმებელია, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, არის გარკვეული სიახლეც და ოპოზიციის მხრიდან იმის აღიარებაც, რომ ე.წ. გერმანული მოდელი სხვა არაფერია თუ არა, ოპოზიციის მიერ მოფიქრებული სიმახინჯე.”- აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “მარშალპრეს”-სთან საუბრისას.
“გერმანული მოდელი იმ კონფიგურაციით, როგორც ის გერმანიაში მოქმედებს, რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ მისი ქართული ვარიანტი ნამდვილად არ არის მისაღები. ბოლო შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან ახალი შეთავაზება გაჟღერდა, რომელიც ერთმანდატიანი ოლქების მრავალ მანდატიანად გარდაქმნას გულისხმობს.
უნდა შეიქმნას 10 მრავალმანდატიანი ოლქი (6-7-8 მანდატიანი) სადაც საუკეთესო შედეგების მქონე (6-7-8) კანდიდატი ჩაითვლება გამარჯვებულობად. ახალი ინიციტივის მიღება არმიღება უმრავლესობის პრეროგატივა გახლავთ, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ აღნიშნული ინიციატივა მიღებული არ უნდა იქნას, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს მანდატების სამართლიან განაწილებას და კონკრეტულ ჯგუფს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, (დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციისთვის სასათბურე პირობებს ქმნის).
ასევე გაურკვევლია მრავალმანდატიანი ოლქების არსებობის შემთხვევაში, იქნება თუ არა ბლოკები, საარჩევნო ბარიერი და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ვითომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით უსამართლო საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, მოდელს რომლის გატანსაც ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნული ფორმით არცერთი განვითარებული ქვეყანა არ იყენებს. (შერეული სისტემისგან გასხვავებით) მაგალითად მრავალმანდატიანი ოლქი იძლევა შესაძლებლობას 7 მანდატიან ოლქში, პოლიტიკურმა სუბიექტმა რომელიც ხმების 40% მიიღებს პარლამენტში შეიყვანოს 4 ადამიანი, ხოლო 60% მა პარტიამ მხოლოდ სამი. ამის შემდეგ, სამართლიანობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ოპოზიცია დიდი ხანია დაშორდა საზოგადოებას და ცდილობს ისეთი საარჩევნო მოდელი შექმნას, რომელიც მათ ხალხის მხარდაჭერის გარეშე, პარლამენტში გარანტირებულ ადგილებს შეუქმნის.- აცხადებს დავით ჩიხელიძე.