სააკაშვილის ხელისუფლება ბევრს ცდილობდა დასავლეთის თვალში იდეალისტ, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ხელისუფლებად წარმოეჩინა თავი. ყოველ შემთხვევაში ნაცმოძრაობის ლობისტები ძალისხმევას არ იშურებდნენ მსგავსი სურათის შესაქმნელად. ვაშინგტონში ბოლო ვიზიტისას თქვა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა - „ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, გამოუცდელები, იდეალისტები, განათლებულები... მახსოვს, უცხოელი ჟურნალისტები ყოველივე ამას „ოუშენის 11 მეგობარს“ ადარებდნენ“.
ობიექტურები რომ ვიყოთ, მართლაც შეუდარებელი იქნებოდა, სააკაშვილის წარმოსახვის ნაყოფი რეალობას მიახლოებოდა და საქართველო ისეთი გაბრწყინებული წარმატებული, პროგრესული ქვეყანა ყოფილიყო, როგორიც ქვეყნის მეთაურის წარმოსახვებში.
ალბათ, ოდესმე დადგება დრო და მიხეილ სააკაშვილი თავადვე ამოხსნის ამ დილემას - როგორ მოხდა, რომ მისი იდეალისტური ოცნებები და ჩანაფიქრები ხშირად, განხორციელების დაწყებისთანავე აბსურდად იქცეოდა ხოლმე. ლაზიკას რომ გვერდი ავუაროთ და იმასაც, რომ, თუ მართლაც ვინმემ შეადარა „ოუშენის 11 მეგობარს“, ნაცმოძრაობამ ერთი ერთზე „გადმოაკოპირა“ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის შინარსი და ლას-ვეგასის კაზინოების ნაცვლად, საქართველოს ბიუჯეტს შეუტია.
იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ალბათ გვიფიქრია კიდეც, რამდენი ნაბიჯია იდეალიზმიდან იდიოტიზმამდე, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე - რიგ შემთხვევებში - ნაბიჯს გააჩნია.
სამთავრობო კულუარებიდან ხშირად გამოდიოდა ინფორმაცია, რომ რომელიმე სატელევიზიო გამოსვლისას როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა კონკრეტულ უწყებაში მიმდინარე კონკრეტული რეფორმის შესახებ, რეალურად, ის რეფორმა არ ტარდებოდა. მაგალითისთვის ავიღოთ განათლება, რადგან ამ სტატიაში განათლებაზე ვაპირებთ საუბარს. იმ რეფორმაზე, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა, ზოგჯერ მინისტრმაც კი არაფერი იცოდა და მხოლოდ მას შემდეგ იწყებდნენ ფორსმაჟორში მუშაობას, რაც ტელეეკრანიდან მოისმენდნენ ახალ ამბავს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ასე შეიქმნა თსუ-ში ტურიზმის საერთაშორისო სკოლა. თუმცა, ეს ერთ-ერთი მაგალითია საყოველთაო აბსურდისა და არა ერთადერთი.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ტურისტულ ქვეყნად გადაქცევას ჯერ კიდევ სიღნაღის ექსპერიმენტიდან მოყოლებული გეგმავდა და მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო ტურიზმი კრიზისს განიცდიდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო, ლამის, ტურისტთა ნაკადებმა წალეკა. ვინ როგორ ითვლიდა ტურისტებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველომ 2008 წლის შემდეგ 5 მილიარდამდე გრანტი და კრედიტი მიიღო.
მოკლედ, საყოველთაოდ გაცხადებული იყო, რომ საქართველო ტურისტულ ქვეყნად უნდა ქცეულიყო. კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილმა დააანონსა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო სტანდარტების შესაბამის კადრებს გამოუშვებდა, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს. კონკრეტულად ვინ გასცა თსუ-ში ტურიზმის სკოლის სასწრაფო წესით შექმნის განკარგულება, ძნელი მისახვედრი არ არის, იდეის ავტორიც საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. და ის, რაც მოხდა, კიდევ ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავზე მოირგოს თუნდაც ერთი კონკრეტული კათედრა.
ბოლო პერიოდში თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთაგან ბევრმა გამოთქვა სურვილი, კონკრეტულ პრობლემებზე ღიად ესაუბრა, შენიშვნები და პრეტენზიები აქვთ სტუდენტებსაც. სწორედ ამიტომ, for.ge დაინტერესდა, გაერკვია, რა ხდება ამ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. მოკვლევის პროცესში ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომელზეც ცალკე საუბარი ნამდვილად ღირს. ეს არის შენიშვნები თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში მოქმედი საბაკალავრო და და სამაგისტრო პროგრამების შესახებ, საიდანაც კარგად ჩანს, რომ თურმე, თსუ-ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში სულაც არ ასწავლიან ტურიზმს.
ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სხვა არაფერია, თუ არა ობიექტური მიზეზის ძიება, რატომ მოხდა ასე, ანუ როგორ მოუწია თსუ-ს ფორსმაჟორულ სიტუაციაში ახალი სპეციალობის დამატება. თუმცა, ეს სულაც არ ამართლებს იმას, რომ სტუდენტს არ მისცე ის სპეციალობა, რაც მან აირჩია. აქ პასუხისმგებელი უნივერსიტეტია და არა მიხეილ სააკაშვილის იდეები.
შენიშვნებში, რომელიც თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში მოქმედ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ეხება, სწორედ იმაზეა საუბარი, რას ასწავლიან ან შეიძლება ასეც ითქვას, რას არ ასწავლიან სტუდენტებს.
პროგრამა შემუშავებულია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და არა ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, რისი უფლებაც 2011 წლის შესაბამისი დადგენილებით სწორედ მას გადაეცა. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ აქტიორთა გვარებს და იმედს ვიტოვებთ, უნივერსიტეტი ამ პრობლემას თავადვე მოაგვარებს.
და კიდევ ერთი, როდესაც ასეთი სიტუაციაა, საკითხავია უნდა ჩაერთოს თუ არა პროცესებში განათლების სამინისტრო. განათლების ახალ მინისტრს ლამის გენერლის ჩინიანი თანამშრომელი დაუტოვა წინამორბედმა და ძველი დრო რომ იყოს, უცებ დაამყარებდნენ წესრიგს. ეს ხუმრობით, რადგან ეს უწესრიგობა სწორედ იმ ძველი დროიდან მოდის, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ოდესმე ვინმეს ინსტრუქცია გაეცა, სტუდენტისთვის საგანი არ ესწავლებინათ.
როგორც შენიშვნების ავტორი წერს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას გავლილი აქვს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა, მაგრამ მისი შესწავლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შენიშვნებიდან რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, რითაც მკითხველისთვის ადვილი მისახვედრი გახდება, რაზეა საუბარი.
მთელი რიგი სასწავლო კურსების სილაბუსებში (მაგალითად, საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია, ტურიზმის ეკონომიკა, ეკოლოგია და ტურიზმი, ტურის გამყოლის (გიდის) ბიზნესი და სხვა) მოცემული სწავლის შედეგები სრულად არ შეესაბამება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ზოგიერთ სილაბუსში მაგალითად, „საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია“, „შესავალი ფსიქოლოგიაში“ და სხვა სასწავლო კურსის სტატუსში მითითებულია ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის და არა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.
სილაბუსებში „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 1“ და „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 2“ მითითებულია მხოლოდ ერთი, ისიც ინგლისურენოვანი წიგნი, რაც არის მხოლოდ „შესავალი მასპინძლობის მენეჯმენტში“. დამატებით ლიტერატურაში მითითებულია სამი ვებ–გვერდი და ერთი ინგლისური წიგნი. ვინაიდან ძირითადი ლიტერატურა არის „შესავალი მასპინძლობის მენეჯმენტში“, პირველ თემად წარმოდგენილია მასპინძლობის ინდუსტრია და მხოლოდ მეორე თემაში შუქდება ტურიზმის არსი. წესით, ტურიზმის არსი პირველ რიგში უნდა იყოს განხილული და მას მასპინძლობაზე მეტი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, რადგან სპეციალობაა „ტურიზმი“.
სილაბუსში „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 1“ მეორე თემის საკითხები (მაგალითად, სასტუმროების კლასიფიკაცია) მეორდება.
სილაბუსში „სასტუმროს ფრონტ–ოფისის მენეჯმენტი“, ლექციის თემა „ტურიზმი და ეკონომიკა“ უმნიშვნელო განსხვავებით შეისწავლება სასწავლო კურსებში „ტურიზმის ეკონომიკა“ და „ტურიზმის დაგეგმვა და მენეჯმენტი“ და ა. შ.
სილაბუსში „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 2“ წარმოდგენილი თემების უმეტესობის სათაურებიდან და მათში გასაშუქებელი საკითხებიდან არ ჩანს, რომ სილაბუსი ეხება ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტს. უფრო მეტიც, აქ წარმოდგენილი თემები წმინდა მენეჯმენტის საკითხებია და ისინი მენეჯმენტის საფუძვლებშია დუბლირებული. კერძოდ, ცალკე თემებადაა წარმოდგენილი: დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია, კონტროლი და სხვა.
სილაბუსში „ტურიზმის ეკონომიკა“ სასწავლო კურსის შესასწავლად ძირითად ლიტერატურაში მითითებულია ორი წიგნი: ერთი რუსულ ენაზე, მეორე ინგლისურ ენაზე, რომელთაგან არც ერთი არაა სახელმძღვანელო და თან 2003 და 2002 წლებშია გამოცემული.
იმავე სილაბუსში წარმოდგენილი თემები ნაკლებად შეესაბამება ეკონომიკას და ამასთან, სხვა სასწავლო კურსებში მეორდება. მაგალითად, „ტურიზმის ეკონომიკა“-ში ორი ლექციაა გათვალისწინებული ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების შესასწავლად, რაც ამ საგანში სრულიადაც არაა საჭირო. მით უმეტეს, რომ სასწავლო კურსში „საერთაშორისო ტურიზმი“ ზუსტად ეს მასალა ერთ ლექციაშია წარმოდგენილი. ორივე სილაბუსში ერთი და იგივე ლიტერატურული წყარო და გვერდებია მითითებული, თუმცა გამოცემის წელი (2002 და 2003) განსხვავებულია.
აღნიშნული წიგნი აგრეთვე შედის დამხმარე ლიტერატურის სიაში სილაბუსში „ტურიზმისა და მასპიძლობის მარკეტინგი“, მაგრამ აქ იგი 1997 წლის გამოცემაა.
იგივე სილაბუსის მეორე ლექციის თემა „ტურიზმის არსი“ განმეორებულია სასწავლო კურსში „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 1“.
იგივე სილაბუსში მე–14 კვირის ლექციის თემა: ადამიანური რესურსების დაგეგმვა და განვითარება ტურიზმში მეორდება სილაბუსში „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“ მითითებულია ერთი და იგივე წიგნი და გვერდები.
როგორც შენიშვნების ავტორი აღნიშნავს, საინტერესო ფაქტია, რომ International Tourism: A Global Perspective – WTO Tourism Education and Training Series, Editor: Chuck Y. Gee, Eduardo Fayos-Sola. Madrid, Spain ტურიზმის მოცემულ საბაკალავრო პროგრამაში სამ სილაბუსშია გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის სახით!!! ასევე მითითებულია დამხმარე ლიტერატურის სიაში.
შენიშვნების ავტორის რეკომენდაციით, ყოვლად დაუშვებელია, ერთი და იმავე სასწავლო კურსების შესწავლა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის (ინგლისურენოვანი) სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ შესასწავლად ერთადერთ ძირითად ლიტერატურად მითითებულია Walker, John (2004) Introduction to Hospitality Management, New York, Prentice Hall, რომელიც ასევე ერთადერთ სახელმძღვანელოდ არის მითითებული ბაკალავრიატის სასწავლო კურსისათვის „შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში“. ანალოგიური სიტუაციაა ამ სასწავლო კურსების დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალში.
სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მარკეტინგი“ ძირითადი ლიტერატურაცა და თემებიც როგორც ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში მეორდება.
ერთი და იმავე სახელწოდების სასწავლო კურსებია გათვალისწინებული („ფრონტ–ოფისის მენეჯმენტი“, „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“) ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ამასთან, ერთი და იგივე ძირითადი ლიტერატურაა მითითებული „ფრონტ–ოფისის მენეჯმენტში“ ხოლო სამაგისტრო პროგრამაში სასწავლო კურსისათვის „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“ მითითებულია ამ კურსისათვის შეუფერებელი და მოძველებული ძირითადი ლიტერატურა.
სილაბუსი „ეკოლოგია და ტურიზმი“ თავისი თემებით უფრო ეკოლოგიური ტურიზმია, ვიდრე „ეკოლოგია და ტურიზმი“. ამ სილაბუსში ძირითად ლიტერატურად მითითებულია 1. ეკოლოგიისგანმარტებითილექსიკონი . მ. ჩხაიძე თსუ, 1999, International Ecolodge Guidelines – The International Ecotourism Society /Vermont USA/, WTO /Madrid, Spain/, 2002; და Guide for Local Authorities on Developing ustainable Tourism WTO 1998.
თსუ–ს სხვა სამაგისტრო პროგრამებიდან აღებული სასწავლო კურსების გარდა, მაგისტრატურის ყველა დანარჩენი სასწავლო კურსის სილაბუსები შედგენილია ერთი პროფესორის მიერ. (10 სილაბუსი: რეკრეაციის, დასვენების და ტურიზმის ეკონომიკა; ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ტურიზმი და განვითარება, ტურიზმისა და მასპინძლობის მარკეტინგი, ალტერნატიული ტურიზმი, ტურიზმისა და მასპინძლობის კვლევის მეთოდები, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში, ლოკალური ტურიზმის განვითარება, ფრონტ–ოფისის მენეჯმენტი, პრაქტიკა) იგივე პროფესორის მიერვეა შედგენილიკიდევ 9 სილაბუსი (შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 1, შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში 2, ტურიზმის ეკონომიკა, ტურიზმისა და მასპიძლობის მარკეტინგი, ტურიზმის დაგეგმვა და მენეჯმენტი, ტურის გამყოლის (გიდის) ბიზნესი, ეკოლოგია და ტურიზმი, ტურიზმის მდგრადი განვითარება, პრაქტიკა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისათვის).
შენიშვნების ავტორი ხაზს უსვამს, რომ როგორც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, ისე ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას გავლილი აქვს მათი დამტკიცებისათვის აუცილებელი პროცედურა და იერარქიული რგოლები (კათედრა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის საბჭო, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და თსუ აკადემიური საბჭო), მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უაღრესად სერიოზული დუბლირებები არავის შეუმჩნევია.
შენიშვნების ავტორი ასკვნის, რომ თუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო კურსების სახელწოდებებით ვიმსჯელებთ, ამ ორი კურსის შინაარსი განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ ტურიზმის სპეციალობის სავალდებულო კურსებში ძალიან ბევრი დუბლირებაა და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ასევე შეუმჩნეველი დარჩენილა ის გარემოება, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა პროფილის კათედრების (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, მარკეტინგის) არსებობის პირობებში რატომღაც მხოლოდ ერთ ადამიანს დაავალეს 20-მდე სილაბუსის შედგენა.
როგორც შენიშვნებშია ნათქვამი, თვით სტუდენტების მხრიდან გამოითქმება უკმაყოფილება „სულ ერთსა და იმავეს ვსწავლობთო“, რაც სრულიად სამართლიანია და აუცილებელ რეაგირებას საჭიროებს.
შენიშვნების თანახმად, უკანასკნელ წლებში ტურიზმის კუთხით ქართულ ენაზე საკმაოდ ბევრი წიგნი გამოიცა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი სილაბუსებში არაა გამოყენებული. ამის გამო ბაკალავრიატის სტუდენტები ქართული ლიტერატურით უზრუნველყოფაში სერიოზულ პრობლემებს განიცდიან.
ასეთი შენიშვნები საერთოდ რომ დაიწერა, სავარაუდოდ მიგვანიშნებს, პრობლემის გადაჭრისათვის პირველი ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. თუმცა საინტერესოა, როდის დადგება შედეგი. მართალია, ტურიზმის ისტორია სათავეს დიდი ხნის წინ იღებს, ძველი რომიდან, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. მაგრამ ეს ის დარგია, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და მუდმივად განახლებადია. მითუმეტეს საქართველოსთვის, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს.
ასევე ჩნდება რამდენიმე უმარტივესი კითხვა, რატომ არ არსებობს კვლიფიციური სახელმძღვანელოები. სხვა რითი არიან დაკავებული პროფესორ-მასწავლებლები და რა ევალებათ გარდა იმისა, რომ სრულყოფილი სასწავლო პროგრამები შეადგინონ სტუდენტებისათვის, რომლებიც, სხვათა შორის, სწავლაში ფულს იხდიან.
თუ სტუდენტს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, მას სწავლის გაგრძელება არ შეუძლია. თუ თანხას იხდის და არ ასწავლიან, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? უნივერსიტეტს უჩივლოს, რომ განათლება ვერ მიიღო? თუკი თსუ-მ დროულად არ მიიღო ზომები, არ არის გამორიცხული, ასეთი სასამართლო პროცესებიც ვიხილოთ. სხვათა შორის, როგორც ამასწინათ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან საუბრისას შეგვახსენა, სსკ 333-ე მუხლის რეგულარულად დარღვევის გამო მივიღეთ სახელმწიფო, რომლის გამოც მმართველი ძალა გადასარჩევი გახდა.