მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური დოლგოვი, თსუ პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია უკრაინაში ჰოლოდომორის ისტორიულ წინაპირობებსა და მათ ასახვაზე კულტურულ ნარატივში.
„თსუ-ში გაიმართა დისკუსია ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თარიღზე თანამედროვე უკრაინის ისტორიაში. პოლიტიკური მიზნებისთვის ხელოვნურად შექმნილ შიმშილობას ემსხვერპლა მილიონობით ადამიანი. ეს იყო ერის გენოციდი, რაც მსოფლიოსა და საქართველოს მიერ არის აღიარებული. ჩვენი მიზანია, გავიხსენოთ ეს მოვლენა და აღარ დავუშვათ ცივილიზებულ სამყაროში მსგავსი ვანდალური აქტების განხორციელება,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
„ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხისთვის უდიდესი ტრაგედიაა, რადგან მილიონობით ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან. ეს ისტორია აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რადგან ეს გაგვაძლიერებს , ერებს გააერთიანებს და მოგვცემს შესაძლებლობას,რომ გვჯეროდეს ჩვენი ფესვების; გვაძლევს ემოციებსა და ძალებს, რომ გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა,“- განაცხადა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.
თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტის დირექტორის ოთარ ბაქანიძის თქმით, „მილიონობით უკრაინელი შეიწირა ჰოლოდომორმა საბჭოთა ხელისუფლების წყალობით. ეს იყო ეროვნული ტრაგედია. ევროპარლამენტმა 2008 წელს დაადგინა, რომ 23 ნოემბერი ყოფილიყო ჰოლოდომორის აღსანიშნავად მსოფლიო მასშტაბით გლოვის დღე.“
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა საქართველოში, უკრაინის საელჩომ და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებმა.