მსოფლიოს 12 ქვეყნიდან 100-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატიაა წარმოდგენილი მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.
საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: „ღონისძიების თემატიკა მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მონაწილეები აქტიურად მუშაობენ და, ვიმედოვნებ, რომ შედეგიც შესაბამისი იქნება.“
„კონფერენციის მთავარი თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ მასშტაბის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ოცდაათი წელია საუბრობენ პრობლემათა იდენტიფიცირებაზე. ახლა მთავარია მუშაობა პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიებაზე. ეკონომიკის გლობალურ განვითარებაში ჩვენი ქვეყნის მსგავს ქვეყნებს რაიმეს დამოუკიდებლად შეცვლა არ შეუძლიათ; საუბარია იმაზე, როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში. ამ თემას ეხება კონფერენცია, რომელზეც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება შემუშავებული,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
„მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერთა შორის ინფორმაციის და კვლევების შედეგების გაცნობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის ინტერნაციონალიზისთვის. ბუნებრივია, გლობალიზაცია გულისხმობს გამოწვევებს არა მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის. ამდენად, უაღრესად საინტერესოა ის ინოივაციები და ახალი რეკონდაციები, რომელზეც იმსჯელებენ კონფერენციაზე,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
კონფერენციაში ქართველებთან ერთად 20 უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს, რომლებიც მოხსენებებს წარადგენენ სხვადასხვა თემატიკაზე. „საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. არა იმიტომ, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ თვითონ საქართველო და მისი ინტელექტუალური პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას რომ განვითარდეს. კონფერენციის თემა ძალიან კარგად არის შერჩეული - გლობალიზაციის გამოწვევები, ის პრობლემები, რაც მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის ეკონომიკის და ბიზნესის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ინგოლშტატის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა იუნკერ ჰოფბაუერმა.
„დღევანდელი მსოფლიო განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ირკვევა, თუ საით უნდა განვითარდეს ეკონომიკური ახალი პარადიგმები და ასეთი თემატიკის კონფერენციები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები ამ ბობოქარ მსოფლიოში,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
სამეცნიერო კონფერენციაზე “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” 2 დღეს გასტანს.