არავითარი პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა, არც ჩამოშორებაზე გამიგია მსგავსი რამ,– ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„რაც შეეხება წმინდა სინოდის შეკრებას, ამ შეკითხვებზე სინოდის წევრები გიპასუხებენ. ვერ გეტყვით, არ ვიცი“, – აღნიშნა გიორგი თევდორაშვილმა.
ამასთან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ეკლესიის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, დალოცვა და ლოცვა-კურთხევა“, -განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.
ასევე, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა : „ალბათ მაგის დროც მოვა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.