ნათია თურნავა: როგორც ჩანს, თითიდან გამოწოვილი თემაა და საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან

ნათია თურნავა: როგორც ჩანს, თითიდან გამოწოვილი თემაა და საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან

როგორც ჩანს, ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას  „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ის აქტივები, რომელიც თავის დროზე „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკიდან“ არ იყიდა, ფულის გათეთრებას მოასწავებდეს და ასევე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების შესახებ, რომ აღნიშნულზე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა არ არსებობს.

„ჩვენ მოვისმინეთ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის სრულიად ამომწურავი განმარტება. როგორც ჩანს, ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან იმის მაგივრად, რომ ინვესტორი და მასთან ასოცირებული პოლიტიკოსები რამენაირად ცდილობდნენ, რომ ამ წლის ბოლომდე შეასრულონ ანაკლიის პორტში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. კვლავ მოვუწოდებთ მათ, რომ იზრუნონ იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი დროულად გაეშვას, დროულად დაიწყოს მისი მშენებლობა და დაანებონ თავი ასე ვთქვათ, საკითხის პოლიტიზირებას და ყურადღების სხვა ჭრილში გადატანას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. როგორც ხაზარაძე ამბობს, „გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები“. ხოლო „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ, რომელიც „არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას“.