საქართველომ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ. წითელი ცერკულარით ძებნილი სუმბაევი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 24 ოქტომბერს გაიყვანეს და რუსეთის სამართალდამცველებს გადასცეს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. ყველამ დაე იცოდეს, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეც, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის, არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი… ეს ვერ იქნება ოაზისი იმისთვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, - განაცხადა წულუკიანმა.
სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას საქართველო მიმდინარე წლის მაისში აპირებდა, თუმცა მაშინ ექსტრადიციის პროცესი დროებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა. ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა. სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც მან ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს დაკავშირებული.
რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.