ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ატოცთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციის ყოფნა, შეიარაღებულ დაპირისპირების რისკს ქმნის, “2020NEWS“-თან აფასებს.
“ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება შეგნებულად ამძიმებს სიტუაციას, რათა ჟენევის შეხვედრების კონტექსტში სალაპარაკო ჰქონდეთ. ასეთ რაღაცეებს ისინი სულ აკეთებენ“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტის განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, ქართულ მხარესთან რუკების ომის გამართვა სურს. მამუკა არეშიძის თქმით, ჟენევის ბოლო მოპალარაკებაზე, სეპარატისტულმა მხარემ, 1922 წლის რუკა წარადგინა და მოითხოვა, რომ ამ რუკით განისაზღვროს საზღვარი.
“ქართული მხარე რასაც აქამდე აკეთებდა, ის უნდა გააკეთოს. ქმედება, რომელიც იქითა მხრიდან ხორციელდება, უკანონო და ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ემზადება, რომ ქართულ მხარესთან ე.წ რუკების ომი გამართოს. ჟენევის ბოლო მოლაპარაკებაზე პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 1922 წლის რუკა გამოაჩინეს და ითხოვდნენ, რომ ამ რუკის მეშვეობით, “მოწესრიგდეს“ საზღვრის საკითხი. რასაკვირველია, ქართულ მხარეს არც დაუპირებია და არც აქვს უფლება, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგას. ანუ რუკებით დაიწყოს სეპარატისტებთან საუბარი. იმიტომ რომ ეს ირიბად მიანიშნებს ცხინვალის დამოუკიდებლობას. ასეთი ტიპის განცხადებებით ცდილობენ, როგორმე აიძულონ ქართული მხარე, რომ საზღვარზე მოლაპარაკება დაიწყოს“, - განუცხადა მამუკა არეშიძემ “2020NEWS“-ს.
შეგახსენებთ, საუკუპაციო რეჟიმის ე.წ.უშიშროების კომიტეტის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ ქართული უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან. "სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," - განაცხადა ბიაზროვამ.