პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატებული იყო, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით.
პრემიერმა აღნიშნული განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, ძალზედ წარმატებული იყო, რაც ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა. ასევე მინდა აღვნიშნო, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა და მოლაპარაკება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფასი და მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული სხვადასხვა უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.