აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვაჩნია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვაჩნია

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვაჩნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ამ აქტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადადის.

„მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექტის გაძლიერების აუცილებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში, შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი ამ აქტის და ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმების და დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე შემართებით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.