“ლელო“ არის ეროვნული თანხმობის პლატფორმა, მასში უნდა შევიკრიბოთ ყველა და შევთანხმდეთ, როგორი საქართველო გვინდა ხვალ, - ამის შესახებ საზოგადოებრიბრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარადგენისას განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა სულ რაღაც ერთი თვის წინ დაფუძნდა, მათ უკვე 1500 აქტიური წევრი ჰყავთ.
„ლელო“ არის გაერთიანება, „ლელო“ არის მოძრაობა, „ლელო“ იქნება პარტია, რომელიც იმართება ჰორიზონტალური სისტემით და პრინციპით. „ლელო“ არის გამაერთიანებელი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სრული ცვლილება მოხდეს უკეთესობისკენ, შეიცვალოს იმ მდგომარეობა, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით. „ლელო“ არის ის ძალა, სადაც ემიგრაცია უნდა დაბრუნდეს საქართველოში იმისათვის, რომ ჩაერთოს თავისი საყვარელი სამშობლოს მშენებლობაში. ის უზარმაზარი ძალა, რომელიც მათ დააგროვეს ათეულობით წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში, მძიმე შრომით, სწავლით, ინტელექტით - აი, ეს შრომა უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
არსებობს უამრავი იდეა. ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ არაქართველი რომ გააჩერო, ყველას აქვს იდეა, მაგრამ არ არსებობს თანხმობა და ერთიანობა, რომ შევჯერდეთ, როგორი ეკონომიკა და ჯანდაცვა გვინდა, როგორი განათლება გვინდა. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ ვიწყებთ არა იდეის თქვენთვის მოწოდებით, არამედ გუნდის შექმნით. ვინ უნდა გააკეთოს ეს? აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ, რომ სისტემური მიდგომა სჭირდება ნებისმიერ საქმეს, მითუმეტეს - სახელმწიფოს მშენებლობას. როდესაც ჩვენ არ გვაქვს სისტემური მიდგომა ნებისმიერი საქმის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ გამოვა. ჩვენ ვიწყებთ ქვემოდან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის წევრების კომპლექსაციას ვაკეთებთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების წარდგენას საზოგადოებისთვის, რომლებმაც თავიანთ საქმეში მიაღწიეს წარმატებას, თავის პროფესიაში მიაღწიეს წარმატებას. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით აქამდე, მაგრამ ჩვენ დღეს ერთად ვართ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გაგვაერთიანა საქართველოს მშენებლობის იდეამ, ჩვენ გაგვაერთიანა ცვლილებების იდეამ და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს არ შევეხებით; მანამ, სანამ ყველა ადამიანს არ გავაერთიანებთ ერთი ძლიერი ეროვნული იდეის გარშემო“, - განაცხადა ხაზარაძემ.