ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია - დიდი ქალაქის ჩირაღდნები

ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია - დიდი ქალაქის ჩირაღდნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" დაწყებასთან დაკავშირებით მწერალმა და პუბლიცისტმა ზაალ ჩხეიძემ საჯარო ლექცია "დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები" გამართა. მწერალმა ოთხგვარი ქალაქის იდეაზე ისაუბრა და თემასთან დაკავშირებით პარალელები გაავლო ქართული ლიტერატურასთან.

ზაალ ჩხეიძის თქმით, ქალაქის იდეა ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი იდეაა. „ლექცია ეხებოდა ოთხ სხვადასხვა იდეას, გარკვეული დროის კონტექსტში, ძირითადად  შევეხეთ ბოლო 2 საუკუნის ლიტერატურას,“-აღნიშნა მწერალმა.

ღონისძიება სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში ზაფხულში გამართული მასტერკლასის "წერის არქიტექტურა" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დაიწყო.

ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება.

მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ. მონაწილეებმა ტრენერებისგან ფინალური დავალებაც მიიღეს, ახალი მოთხრობები მასტერკლასის სპეციალურ ბროშურაში შევა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის ლეგენდის დაჯილდოებაზე გაიმართება.

"შემოდგომის ლეგენდა" წელს მეთერთმეტედ ტარდება. როგორც თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა,  ბოლო წლებში აღნიშნული კონკურსით მრავალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და ახალგაზრდა შემოქმედი დაინტერესდა. „2019 წლის ნოემბერში ფინალურ ტურს წინანდლის ჭავჭავაძეების მამული უმასპინძლებს, რომლის ულამაზესი პარკი არის ახალგაზრდა შემოქმედებისთვის უმაღლესი ინსპირაციის საფუძველი,“-აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.

წინანდლის უნიკალური ბაღი წლევანდელი ლეგენდის კონცეფციაა, კონკრეტულად კი მწვანე თარგი, როგორც სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია "სილქნეტის" ერთობლივი პროექტია, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსის საპრიზო ფონდი  2200 ლარ შეადგენს.