მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ანდერძის შესახებ გახდა ცნობილი

მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ანდერძის შესახებ გახდა ცნობილი

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მომღერალმა მაიკლ ჯექსონმა შეადგინა ანდერძი, რომელიც ამ დრომდე არ ამოქმედებულა. Independent-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯექსონის ყოფილმა აგენტმა რეიმონ ბეინმა განაცხადა.

მისი თქმით, ანდერძი 2006 წლით არის დათარიღებული და მას 2002 წელს შედგენილი ამჟამად მოქმედი ანდერძი უნდა ჩაენაცვლებინა. ბეინის განცხადებით, ის პირადად ესწრებოდა მომენტს, როდესაც ანდერძს ნოტარიუსი ამოწმებდა და დოკუმენტის შინაარსსაც გაეცნო. თუმცა, ანდერძის ბედი მისთვის ახლა უცნობია.

„მე მჯეროდა, ვოცნებობდი და ვლოცულობდი, რომ 2006 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებულ ანდერძს ვინმე იპოვნიდა და გაასაჯაროებდა“, - აცხადებს რეიმონ ბეინი.

2009 წელს ჯექსონის ძმამ რენდიმ განაცხადა, რომ 2002 წლით ​დათარიღებულ ანდერძს, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა, ძალა არ აქვს. მისი თქმით, ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაფორმებული დოკუმენტის შედგენის მომენტში მაიკლი სხვა ქალაქში იმყოფებოდა.

ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების 40% მომღერლის დედამ კეტრინმა მიიღო, კიდევ 40% პროცენტი მაიკლის სამ შვილს შორის გადანაწილდა. დანარჩენი 20% საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშებზე გადაირიცხა. დოკუმენტის შედგენის მომენტში მომღერლის ქონება 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.