გორის მკვიდრი პაატა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შოტა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას შინდისის გმირების მემორიალიდან აპროტესტებს და მის სახლთან დღეს აქციას აანონსებს.
„ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოსთვის ყოფილა კარგი და ამოსუნთქვა. მე ვარ ქალაქ გორიდან, იმ ქალაქიდან, რომელზეც რუსულმა აგრესიამ და ბობმებმა პირდაპირ იქონია გავლენა. ახლა მე ვიმყოფები შინდისის გმირების მემორიალთან, იმ ბიჭების მემორიალთან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას გმირულად შესწირეს თავი. მათ ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ვიღაცას წლების შემდეგ ასეთი სამარცხვინო განცხადება გაეკეთებინა. შოთა უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც საბედნიეროდ ძალიან ბევრნი ვართ, დღეს შუადღით აუცილებლად ჩამოვალთ თბილისში და ჩვენი ჯანსაღი პროტესტის გამოხატვას მის სახლთან გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს ადამიანი ბოდიშს არ მოიხდის. მე არ ვიცი ეს ადამიანი სად იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მე და ჩემი მეგობრები სწორედ აქ ვიყავით, გორში და ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს უბედურება. ასეთი სახის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა" - აცხადებს ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში რატი მაჩიტიძე.
შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ „აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლიუს-მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა" სოციალურ ქსელში აღშფოთება მოყვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ შოთა უტიაშვილი იყო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორი იქნებოდა მისი პროგნოზი ომის შედეგებთან დაკავშირებით: რომ საქართველო უცებ მოიგებდა ამ ომს, დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რუსებს - თავიანთი ჟანგიანი ტანკებიანად - ერთხელ და სამუდამოდ გარეკავდა კავკასიიდან და ძლევამოსილი საქართველოს შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ტაო-კლარჯეთის დაბრუნება!..
ახლა კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ... მთლად ასე არ გამოვიდა, მაგრამ მაინც კარგი იყო აგვისტოს ომი, რადგან ამოვისუნთქეთ!.. (განსაკუთრებით - სახლ-კარგადაბუგულმა მოსახლეობამ, რომელსაც აღარ უწევს საკუთარ ბაღ-ვენახში დამქანცველი მუშაობა)...
ახლა, დამატებით დაკარგული რაღაცა "ქვების გროვა", როგორიც იყო ახალგორი და კოდორის ხეობა... ლამის გორამდე გადმოწეული საზღვარი... აფხაზეთ-სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება რუსეთის მხრიდან... საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნება და სხვა ამგვარი წვრილმანები რაღა სალაპარაკოა!..