"ევროპული საქართველო“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, გუშინ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზიზღით აღსავსე სიცრუეს, საქართველოს გენოციდში და აგრესიაში დადანაშაულებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც სახიფათო განაცხადია.
"პუტინის მხრიდან ისტორიაში ასეთი წიაღსვლა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს იდეაა მიუღებელი. ეს ყველაფერი ასევე გვახსენებს, თუ რაოდენ უპასუხისმგებლო და სახიფათოა ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო აგრესიის საკუთარი ქვეყნისთვის დაბრალება, რასაც ვიწროპოლიტიკური ინტერესისთვის ხშირად მიმართავენ "ქართული ოცნების“ ლიდერები.
დღეს, როცა ღიაა არქივები და ხელმისაწვდომია დოკუმენტები, პუტინის აგრესიული სიცრუის ნაკადის მხილება ძალიან ადვილია. როცა პასუხი იგვიანებს მთავრობისგან, შევეცდებით მაინც შევეხოთ მთავარ საკითხებს:
პირველ რიგში, პუტინს ავიწყდება რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო საერთაშორისოდ სრულიად აღიარებული, მათ შორის დე იურედ აღიარებული საკუთრივ რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით და რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა იყო სამხედრო აგრესიის აქტი.
მეორე - აფხაზეთს და აჭარას ავტონომიური სტატუსი მიანიჭა დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ, რომელიც სწორედ საბჭოთა რუსეთმა დაამხო სამხედრო ოკუპაციის გზით. 1918 წელს აფხაზეთიდან საქართველოს ჯარმა ბოლშევიკები აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით და მასთან შეთანხმებით გააძევა. ე.წ. აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკა, რომელზეც აპელირებს პუტინი, შეიქმნა სწორედ ამ აგერსიული ომის და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ და არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმაცია.
მესამე - აფხაზეთში ჩატარდა 1919 წლის თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით კი აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად თავად რუსეთმა აღიარა. 1920-იან და 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა მოაწყო უსასტიკესი რეპრესიები როგორც აფხაზეთში, ისევე დანარჩენ საქართველოში, რის შედეგადაც მოკლეს ან გადაასახლეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ათეულ ათასობით თავისუფლების მოყვარე ადამიანი, მათ შორის მრავალი ეთნიკურად აფხაზური წარმომავლობის მოღვაწე და მოქალაქე.
მეოთხე - პუტინმა საქართველო 1920 წელს ცხინვალის რეგიონში გენოციდის მოწყობაში დაადანაშაულა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჩაახშო კომუნისტების მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხი, რომლის ორგანიზატორები ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ და რომელიც კოორდინირებული იყო საბჭოთა რუსეთთან დამოუკიდებელი საქართველოს დასამხობად. არანაირი ცნობა ოსების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნობები ადამიანის უფლებათა დარღვევებზე - რაც ახლოსაც ვერ მოვა ბოლშევიკების სისასტიკესთან - არ არსებობს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ოსური ენა და ოსურ ენაზე განათლება შემორჩა მხოლოდ საქართველოში. რუსეთის ფედერაციაში იგი ფაქტიურად გამქრალია.
მეხუთე - ბოლშევიკთა ზოგიერთი ლიდერის და იოსებ სტალინის ქართულ წარმომავლობაზე ხაზგასმა და ამით საქართველოს ოკუპაციის გამართლება არახალია. კრემლი და პრორუსული დაჯგუფებები დიდი ხანია ცდილობენ ყალბი ქართული ანტიდასავლური "ნაციონალიზმი“ ამ სიმბოლოების ირგვლივ განავითარონ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლშევიკებს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რის გამოც საჭირო გახდა კიდეც სამხედრო აგრესია და ასევე ის, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დაჩქარების ინიციატორი სწორედაც რომ სტალინი იყო. გარდა ამისა, ბოლშევიკ ლიდერთა შორის იყვნენ სხვა ერების წარმომადგენლებიც, რომელთა წარმომავლობის ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობის გასამართლებლად გამოყენება ისეთივე აბსურდია, როგორც ზოგიერთი ბოლშევიკი ლიდერის ქართული წარმომავლობით საქართველოს დაპყრობის და ათიათასობით ადამიანის მკვლელობის გამართლება.
მეექვსე - ქართველმა კომუნისტებმა, საბჭოთა ოკუპანტებტან ერთად, ფიზიკურად გაანადგურეს ევროპული განათლების მქონე ჩვენი პოლიტიკური, კულტურული, სასულიერო და სამხედრო ელიტა, დახოცეს ათიათასობით ადამიანი და ნუთუ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ისევ საქართველოს ეკისრება?! აღარაფერს ვამბობთ რუსეთის მიერ დადებულ და დარღვეულ ხელშეკრულებებზე 1992-1993 წლებში, რომლებსაც მოყვა ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობა და ეთნიკური წმენდა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. ისევე როგორც უფრო ადრეულ პერიოდში დადებულ სხვა ხელშეკრულებებზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ვლადიმერ პუტინის მიერ ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ისტორიაზე ამ სახიფათო თავდასხმის შესახებ“, - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში“.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველებმა ოსეთში გენოციდი მოაწყვეს, 1918 წელს კი აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს.
არა აქვს მნიშვნელობა, "ევროპული საქართველო" აწერს ხელს ამ მოთხოვნას, "ნაცმოძრაობა" თუ "დემოკრატიული საქართველო" -- სწორია და აუცილებლად გასაკეთებელი!
(ოღონდ, რა უფრო უპრიანია: მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოს, პრეზიდენტმა თუ პრემიერმინისტრმა -- ხელისუფლებამ გაარკვიოს).
მაგრამ უპასუხოდ არაფრით არ უნდა დარჩეს ის აბდა-უბდა, რაც პუტინმა წარუდგინა ჟურნალისტებს, როგორც საქართველოს ისტორია!
სტალინისაგან განსხვავებით, პუტინი არ არის "მკითხველი კაცი" და მისი სიკვდილის შემდეგ ნამდვილად არ დარჩება კრემლის ბიბლიოთეკაში 20 000 წიგნი, რომლის კიდეებზეც პუტინს საკუთარი ხელით ექნება გაკეთებული შენიშვნები!..
მაგრამ იყო ესოდენ დეზინფორმირებული და გქონდეს ესოდენ გაუკუღმართებული წარმოდგენა იმ ქვეყნის ისტორიაზე, რომელთანაც ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს შენს იმპერიას (და რომლის წარმომადგენელსაც უნდა უმადლოდეთ, წესით, ამ იმპერიის არსებობას!), რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია!
პუტინი რომ ფოლიანტებს არ ჩაუღრმავდებოდა არქივში, გასაგებია, მაგრამ, როცა იქნებოდა, ვიღაცას ხომ დაავალებდა, მოკლე ექსკურსი მომიმზადეთ ამ საკითხებზეო?
და ვინ იყო ის არამზადა, ვინც ასე თავდაყირა დაყენებული ფაქტები წარუდგინა?
ეს არ მოხდებოდა მისი ინფორმატორის უვიცობისა და არაკომპეტენტურობის მიზეზით. ვინც ასე აურ-დაურია ყველაფერი, იმას ძალიან კარგად ეცოდინებოდა, რასაც აკეთებდა. ეჭვიც არ მეპარება.
და ვინმემ, ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ა დ , ხომ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ეს კაცი და აუხსნას, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობს?!