„2 კვირაა ვარკვევ და ვერ გავარკვიე სად და რატომ უნდა მივიდე, 10 დღე არ დამკავშირებია. 28-ში მე თვითონ დავუკავშირდი შსს-ს, შევატყობინე, 2-ში საქმეზე ვარ წასასვლელი-მეთქი“, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
მისი თქმით, ის საფრანგეთიდან 19 ივლისს დაბრუნდება.
„19-ში ვბრუნდები უკან. ესეც შევატყობინე. ცოტნე დადიანივით თაფლს ვერ წავისვამ და ვერ დავჯდები პროკურატურის წინ.
იაფფასიანი სპექტაკლია ეს ყველაფერი. 20 ივნისამდე ვაპირებდი გამგზავრებას და ვერ წავედი, იმის მერეც ვაპირებდი და მელიას მიმართ საქმის გამოძიების და სასამართლოს გამო ვერ წავედი. არ იქნებოდა ჩემგან მართებული...
ამ წუთამდე არც საცხოვრებელ მისამართზე და არც ტელეფონზე არავითარი შეტყობინება არ მომსვლია...
თუ მათ ჩვენი დაკავება უნდათ, ეს გაცილებით მალე დაასრულებს მათ ხელისუფლებას, ვიდრე მათ ჰგონიათ“, - ამბობს ოქრუაშვილი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს და შესაძლოა ის საქართველოში აღარც დაბრუნდეს.
„რეაქციაში“ ოქრუაშვილმა ამ ვერსიას უპასუხა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მას შარშან გაზაფხულზე გაუუქმდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურამ დღეს 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მუხლები გადააკვალიფიცირა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.