მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია წამოიწყეს. ისინი „ფეისბუქის", „ინსტაგრამის" და „ტვიტერის" საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.
"ფეისბუქზე" შეიქმნა ჯგუფი - Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში"), რომლის წევრების რაოდენობამ რამდენიმე დღეში 200 ათასს გადააჭარბა. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებს, საკუთარ ტურისტულ ისტორიებს და ფოტოებს უზიარებენ ერთმანეთს.
ჯგუფის წევრები არიან რუსი ტურისტებიც, რომლებიც საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრნენ და აკრძალვების მიუხედავად კვლავ აპირებენ დაბრუნებას. რუსი ტურისტები ავრცელებენ ფოტოს ხელში პოსტერით, რომელზეც არის წარწერა - "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ".
"მე ვარ რუსი. მაისში ბათუმში ვიყავი და არაფრის შემშინებია, ახლაც არაფრის მეშინია, უბრალოდ ვბრაზდები პოლიტიკური სირთულეების გამო!" - მარია ტიმოშენკოვა, ტვერიდან.
"მე რუსეთიდან ვარ და მიყვარს საქართველო, როგორც ჩემი სამშობლო. არ მადარდებს პოლიტიკური თამაშები. საქართველოში 2 არაჩვეულებრივი წელი გავატარე. ვგიჟდები გუდაზე და შქმერულზე, მიყვარს, როცა ზაფხულის დილას მოხუცი ქალი ყვირის "მალინას", ვარ რაგბის ფანი! მიყვარს ჩემი ქართველი მეგობრები, მენატრებით და გპირდებით, მალე დავბრუნდები" - ნატალია რედკო, მოსკოვიდან.
"არ გაანაწყენოთ ჩემი საყვარელი საქართველო!" - დიმ ჩერკასოვი, მოსკოვიდან: