“ჩვენი ამოცანა არის მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები”

“ჩვენი ამოცანა არის მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები”

ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი, ჩვენ მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ გაიმართება შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომელზეც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ვერსიის განხილვა მოხდება.

"მოგეხსენებათ. ეს ვერსია გულისხმობს დაუყოვნებლივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერით. ნულოვანი ბარიერი იმიტომ, რომ ეს სისტემა შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლების საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, რომ აღმოჩნდნენ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი იყოს უფრო კონკურენტული. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საკმაოდ დიდი ხანია ჟღერს სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან როგორც მოთხოვნა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო შეთავაზება ფართო პოლიტიკური სპექტრისთვის და არამხოლოდ ორი და სამი პოლიტიკური პარტიისთვის“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.