"სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
სუხიშვილი ამბობს, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც საკუთარ ხალხზე იძალადა.
"მე ვუერთდები ხალხს ამ მომენტში და საზოგადოებას, რომელიც ყველა პერიოდში, რაც კი შეიძლება ავიღოთ, დაჩაგრული გამოდის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა წყობა იქნება და რა მთავრობა ეყოლება ქვეყანას, თუ ის გასაწირად გაიმეტებს ხალხს.
წინაზეც იყო შემთხვევები, გვახსოვს ჩვენ და ის, ვინც მაშინ სათავეებთან იყო, დღეს აღშფოთებულები არიან. ახლა შეჯიბრი მიდის ერთმანეთთან, როდესაც შუაში ხალხია. პირველ რიგში ხალხის აზრს უნდა დაუჯეროს ყველამ. პირველ რიგში ის ხალხი უნდა მოცილდეს, ვინც ამის შემსრულებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. ვინც ამას ასრულებს, ის ხალხია ჩემთვის ყველაზე მეტად სახიფათო, ვისაც შეუძლია გაწიროს თავისიანი", - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.
პარლამენტის წინ, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა. მან სიმღერა "ჰერიო ბიჭებო" შეასრულა.
მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებმა გიგანტური პლაკატი გაშალეს წარწერით - „გახარია წადი“. მანამდე
თბილისის ცენტრალურ გამზირზე აქცია-მსვლელობა "თავისუფლების მარში" გაიმართა. მარშის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გეზი თავისუფლებისკენ აიღეს და უკან, პარლამენტისკენ წავიდნენ. მათ მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებიც. ისინი უკვე 10 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.