რატომ არ უნდა გადადგეს შს მინისტრი

რატომ არ უნდა გადადგეს შს მინისტრი

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, შს მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადამდგარიყო, არამედ უფრო მკაცრი სასჯელიც უნდა მოგვეთხოვა თუ მას რომ კონსტიტუცია და კანონი არ დაეცვა და დაეშვა "მელიას და პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით ადამიანების შტურმი პარლამენტზე. მან ეს არ გააკეთა, აღკვეთა და მას ამისთვის მადლობა ეკუთვნის", - განაცხადა სოზარ სუბარმა "ქრონიკის" ეთერში.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არ უნდა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან.

მისი თქმით, მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს თუ იქნება სისტემური გადაცდომები: "დარღვევა ხდება ყველგან - მიტინგის დარბევის დროსაც, ერთი ჩვეულებრივი ოპერაციის დროს, დაკავებულის ცემა - ამ დროს პასუხს აგებს ის კონკრეტული ადამიანი, მაგრამ როდესაც ლაპარაკია სისტემურ დანაშაულზე, სისტემურ გადაცდომაზე, სისტემის შექმნაზე რომელიც სჩადის დანაშაულს, ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებელი ხდება არა მხოლოდ მინისტრი, არამედ მთელი ხელისუფლებაც. როგორც მოხდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შემთხვევაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარს საფრანგეთში მიმდინარე "ყვითელჟილეტიანების" საპროტესტო აქციები მოჰყავს მაგალითად, სადაც რამდენიმეთვიანი აქციების დროს ასობით ადამიანი დაშავდა, იყო ფატალური შემთხვევაც: "და ჯერ არავის დაუსვამს არც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, არც მინისტრის. იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ იმ ძალაუფლების ფარგლებში რაც მათ კანონმა და ფრანგმა ხალხმა მიანიჭა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება 20 ივნისის აქციის დაშლის შედარებას 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციებთან, სუბარი ამბობს:

"მე არ ვამბობ, რომ მაშინ ხელისუფლებას 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით არ ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, რომ გაეწმინდა ტერიტორია იმიტომ რომ მეორე დღეს იქ აღლუმი უნდა გამართულიყო. მაგრამ როდესაც ალყა შემოარტყეს ადამიანებს და არ მისცეს გაქცევის საშუალება, ეს იყო კანონის აბსოლუტური დარღვევა, ამის მიზანი იყო ადამიანების დასჯა და არა აღლუმისთვის ადგილის გასუფთავება. იქ ვნახეთ ხელ-ფეხ შეკრული ადამიანები ტალახში იწვნენ პირქვე და პოლიციელები ხელკეტებს ურტყამდნენ ან ფეხით სდგებოდნენ ზედ. ვნახეთ ორი ადამიანი რომელიც მოკვდა და შემოდეს მაღაზიის თავზე. ეს იყო უკვე კანონის დარღვევა და ეს იყო უკვე სისტემური დანაშაული.

სისტემური დანაშაული იყო ის რაც მოხდა 7 ნოემბერს - ამ შენობაში (ტვ იმედი) შემოჭრა იყო ერთ-ერთი მიზანი. სისტემური დანაშაული იყო ის რაც 7 ნოემბერს უძღოდა წინ, როდესაც 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ გუბერნატორები, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია და პირდაპირ დაგეგმეს როგორ მოეტაცათ, ნარკოტიკი ჩაედოთ, ეცემათ მიტინგის მონაწილეები. აი ეს იყო სისტემური დანაშაული. ამიტომ აქ შედარებების გაკეთება არ შეიძლება. 7 ნოემბრის და 26 მაისის აქცია აბსოლუტურად კანონიერი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით რომ 7 ნოემბერს ძალის გამოყენების პირველი წამიდან იყო უკანონო, არალეგიტიმური. 26 მაისს რომ არ მომხდარიყო ალყაში მოქცევა და სასტიკი მოპყრობა არ ყოფილიყო სპეცრაზმელების მხრიდან, ეს იქნებოდა კანონიერი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

თბილისის ცენტრალურ გამზირზე აქცია-მსვლელობა "თავისუფლების მარში" იმართება. მარშის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გეზი თავისუფლებისკენ აიღეს და ახლა უკან, პარლამენტისკენ მიემართებიან. მათ მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებიც.

ისინი უკვე 10 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

სოციალისტი მიდით, მიდით გახარია გადააყენეთ და რომელიმე ბერზენიშვილი ძმა დანიშნეთ. სწორედ შესაფერისი კადრია, მსოფლიო ლგბტ ნახირი ტაშს დაგიკრავთ!
6 წლის უკან
სერმინე ...და, ამაშიც რადგან გეთანხმებით, აღარაფერს დავწერ.
6 წლის უკან