“სენსაციური განაცხადი! ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი პირდაპირ ადებს ხელს, რომ ხალხს პარლამენტის შენობაში შეჭრისა და პოლიციაზე ძალადობისკენ ირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე მოუწოდებდნენ! ნაგვები!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” წერს და ურთავს ვიდეოს, სადაც “იმედის” კორესპონდენტი ვარლამ წიკლაური აღნიშნულის შესახებ საუბრობს.
ამასთან, “იმედის” ჟურნალსტმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისიც აღნიშნა, რომ გუბაზ სანიკიძე მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. სანიკიძემ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა.
აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებიან. მათი ნაწილი სამართალდამცველებმა დააკავეს, ნაწილი კი – გაიქცა.
მანამდე აქციის მონაწილეები რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდნენ, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევში და მიმდებარე ქუჩებზე.
საავტომობილო მოძრაობა ამ წუთებში ყველა ქუჩაზე აღდგენილია.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს, მანქანა ამოაბრუნეს და დაამტვრიეს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართებიან. მათი თქმით, კვლავ პარლამენტთან აპირებენ მისვლას.
როგორც საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა, ცოტა ხნის წინ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კორპუსის ფანჯარაში ქვა ისროლა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დააანონსეს, საღამოს პარლამენტთან კვლავ აქცია იგეგმება.