“რაც მისაღები იყო მიიღო, კიდევ მიიღებს”

“რაც მისაღები იყო მიიღო, კიდევ მიიღებს”

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება პლენარული სესიის დაწყებამდე, დერეფანში მოხდა. დეპუტატებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აპირებს მოითმინოს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფა.

“არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. რა გაუკეთებია, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია ხელისუფლებიდან“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილი ამბობს:

„რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობისა და უტაქტობის გამო. ჩვეულებრივი პროვოკატორია მეტი არაფერი. არჩევნები ახლოვდება და არჩევნების აწევა უნდა. დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკურად და ნაწილობრივ სიტყვიერად მოხდა. არ ვიცი, ახლა მიზეზი რა იყო. გითხარით, ვინც არის და რაც არის. რაც მითხრა, იმის პასუხი მიიღო. ჩხუბში გამომიწვია, ეგ იყო და ეგ. მერე კიდევ უფრო კარგად გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

დაძაბული სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.