ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში".
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს" დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა:
"შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში".