თბილისის საკრებულოს წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე მას კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გააცნეს. ჯიშკარიანი გამოკითხვაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დაბარება რამდენიმე დღის წინ, სატელევიზიო ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვით: „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი, რომელიც 2006 წელს ისანი-სამგორის პოლიციაში მუშაობდა, მოქმედმა ხელისუფლებამ 2013 წელს დააწინაურა და ქალაქის სამმართველოს უფროსად დანიშნა“. მისი თქმით, გამოკითხვაზე უთხრეს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ გიორგი ცააძემ უწყებას ციხიდან წერილი გაუგზავნა და ჯიშკარიანის გამოკითხვაზე დაბარება მოითხოვა.