ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ბესელია ხშირად ავლენს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და არაეთიკურად იქცევა.
„პოლემიკაში შესვლა არ მინდა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, პოლემიკაში შესვლა რამდენად სწორია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ, დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მცირე კამათი მოხდა. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.
ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორე, შინაასრობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა, როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას, იცის, მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მთავარია გქონდეს ფული და პატრონი დიდი ფულით.