ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლაში უნივერსიტეტის წვლილზე ისაუბრა: „1978 წლის აპრილში სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების თაოსნობით დაიწყო ის დიდი და მღელვარე მოვლენები, რომელიც 14 აპრილით - ქართული ენის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ერთი საუკუნით ადრე დაიწყო. უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილს ერთ-ერთ წერილში აღნიშნული აქვს, რომ უნივერსიტეტში სწავლა შეუძლია ნებისმიერ პირს განურჩევლად აღმსარებლობისა, სქესისა და ეროვნებისა, ხოლო სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. იმ დროს არ არსებობდა არც ერთი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, უნივერსიტეტში ლექტორები თავად თარგმნიდნენ და წერდნენ სალექციო კურსებს ქართულად, ქმნიდნენ ქართულ ტერმინოლოგიას მეცნიერების სხვადასხვა დარგისთვის.“
ქართული ენისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, „კონკრეტული პრიორიტეტები გვაქვს განსაზღვრული ქართული ენისთვის, რომელიც გულისხმობს მის უფრო მეტად პოპულარიზაცია, მეტად განმტკიცებას, რომ ის არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს, ვინაიდან ენა, ისევე როგორც იდენტობის სხვა ნებისმიერი ნაწილი, არის ცოცხალი ორგანიზმი”. „ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქართულ ენაშიც შემოვიდეს ის ტერმინოლოგიები ქართულად, რომელიც ასახავს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ინტერნეტი და სხვა საშუალებები, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი ენის პოპულარიზაცია.“-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „თავისუფლებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა 1978 წლის მოვლენებს უკავშირდება. ამ ბრძოლით ჩვენ შევინარჩუნეთ ქართული ენა და ვდგამთ მისი დაცვისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“; დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებელი. ქართული ენის შენარჩუნებისა და მისის სიწმინდის დაცვაზე საუბრისას ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ „ისტორიას არ ახსოვს, რომ თავისი ენა ასე თავგანწირვით დაეცვას რომელიმე ქვეეყანას. ჩვენ, ქართველები, ამით უნდა ვამაყობდეთ. უნდა ვამაყობდეთ ჩვენი ქართული ენით, ჩვენი ქართული დამწერლობის სამი სახეობით.“
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში მთელი დღის მანძილზე გაიმართა შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყო საბავშვო კუთხე, დღის ბოლოს გაიმართა ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებული მოსწავლეების ესეების კრებულს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 32 სკოლის 400-მდე მოსწავლემ მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსანტებმა დაწერეს თხზულება თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. კვირეული დაიხურება 22 აპრილს თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“.